ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებს ინფორმაციას მოაწვდის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომელიც საქართველოში 9-10 ოქტომბერს იმყოფებოდა.
ვიზიტის დროს კუშნერმა განაცხადა, რომ საქართველოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ევროკავშირის მინისტერიალზე წარადგენდა.
მისივე თქმით, რუსეთის ჯარის გაყვანა ძირითადი ზონებიდან დასრულდა, მაგრამ ყველაფერი არ დამთავრებულა. კუშნერმა არ დააკონკრეტა პასუხი კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ დატოვებს კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებს.
მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები გავიდნენ ძირითადი ნაწილებიდან, მაგრამ არიან ახალგორში და ეს რჩება პრობლემად, ამიტომ ექსპერტებთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობა ჟენევაში გაგრძელდება.
- ”რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს და ჯარი ახალგორის რაიონიდან არ გაჰყავს”,-განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებაზე ლუქსემბურგში ორი დღის შემდეგ უკვე ევროკავშირის წევრი სახლმწიფოების პრეზიდენტები იმსჯელებენ.
|