ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, მოსკოვმა ვალდებულებები მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, ახალგორის რაიონიდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანა კი მომდევნო შეხვედრების მთავარი საკითხი იქნება.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განაცხადებით, ”ახალგორის რაიონში კვლავ რჩებიან რუსი სამხედროები, რაც შეთანხმების დარღვევაა”.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰავიერ სოლანა იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსკოვი შეთანხმებას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კი აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ე.წ. ბუფერული ზონები დატოვეს და არ დაჰბრუნებიან პოზიციებს, რომლებზეც 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ.
თავის მხრივ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი თვლის, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჟენევის შეხვედრის ფორმატის გარკვევაა, რაშიც ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.
რუსული მხარის ვალდებულებების შესრულების საკითხზე ლუქსემბურგში ორი დღის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტები იმსჯელებენ და სავარაუდოდ, საგანგებო განცხადებასაც გააკეთებენ.
|