13 ოქტომბერს ლუქსემბურგში შკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რუსეთთან მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ, ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ლაპარაკია, რუსეთსა და ევროკავშრს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებაზე, რომელზეც მოლაპარაკებები რუსეთის საქართველოზე თავდასხმის გამო შეწყდა.
საკითხი გადაეცა განსახილველად ევროკავშირის ქვეყნების და მთავრობების პირველ პირებს, რომლებიც 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან.
ამის შესახებ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა: ”ამ დროისთვის უკვე იქნება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების შესახებ კონფერენციის პირველი შედეგი, რომელიც ოთხშაბათს ჟენევაში უნდა გაიხსნას”.
მაგრამ, როგორც კუშნერის სიტყვებიდან გამოჩნდა, ბრიუსელის მოლაპარაკებები ამ საკითხს წერტილს ვერ დაუსვამს: ”ამ საკითხს რუსეთთან შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნოემბერში, ნიცაში, სადაც რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება”.
მინისტრებმა ლუქსემბურგში მხოლოდ ბელორუსს მოუხსნეს ზოგიერთი სანქცია. სავარაუდოდ, ევროკავშირის რუსეთთან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს იგი ნაკისრ ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე.
პარიზი და ბერლინი მოლაპარაკებების სასწრაფოდ გაგრძელების მომხრეა მაშინ, როდესაც ლონდონი, სტოკჰოლმი და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ აჩქარება არ ღირს. რუსეთი კი აცხადებს, რომ შეთანხმების პაკეტის მიღება ევროკავშირისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, - წერს BBC.
|