ეკონომისტმა პოლ კრუგმანმა, რომელიც გუშინ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკას რეცესია ელის, თანაც ეს შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს, - იუწყება სააგენტო ”როიტერი”. მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, კრუგმანმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ნგრევა მოსალოდნელი მაინც არ არის.
კრუგმანმა, ასევე, აღნიშნა, რომ იმედი აქვს, გამოკვლევებს ნობელის პრემიის მიღების შემდეგ გააგრძელებს. მისი თქმით, ასეთმა პრესტიჟულმა ჯილდომ შესაძლოა, მისი ცხოვრება რამდენიმე კვირით შეცვალოს, თუმცა შემდეგ საკუთარ კალაპოტს დაუბრუნდება.
პოლ კრუგმანი რამდენიმე წლის მანძილზე ითვლებოდა ნობელის პრემიის ძირითად პრეტენდენტად. მისი სპეციალობაა საერთაშორისო ვაჭრობის შესწავლაა. კრუგმანი აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტში ასწავლის. 2000 წლიდან მას ”ნიუ-იორკ თაიმსში” საკუთარი საავტორო სვეტი აქვს.
|