საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა პროფილის ექსპერტებმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი დააფუძნეს.
კლუბის პირველ პრეზიდენტად ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი აირჩიეს.
როგორც სასტუმრო "ამბასადორში" გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, კლუბი საჯარო მოსმენებს გამართავს ქვეყნის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
მისივე თქმით, პირველი ასეთი მოსმენა ეკონომიკურ თემაზე 17 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი; მეორე მოსმენა 24 ოქტომბერს სამხედრო თემაზე, 31 ოქტომბერს კი ჰუმანიტარულ კატასტროფაზე გაიმართება.
როგორც ექსპერტებმა განაცხადეს, იმსჯელებენ სხვადასხვა სფეროებში შექმნილ პრობლემებზე, შეიმუშავებენ გარკვეულ რეკომენდაციებს.
სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, კლუბი საერთაშორისოც გახდეს და მასში საერთაშორისო ექსპერტები გაწევრიანდნენ.
კლუბის წევრთა ნაწილი დღეს პრესკონფერენციას ესწრებოდნენ. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, არჩილ გეგეშიძე, სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ლადო პაპავა, ლაშა ტუღუში, ირაკლი სესიაშვილი, თამარ ჩიქოვანი, შალვა ფიჩხაძე.
|