აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ქართული მხარის მიერ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის დატოვების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ”აფხაზური და ოსური მხარეების თანამონაწილეობის გარეშე არცერთი შეხვედრა არ გაიმართება”.
ამის შესახებ შამბამ ჟურნალისტებს 4 საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი შეთანხმების თანახმად, არც ერთ მხარეს დათქმულ დრომდე – 18:00 სთ-მდე კომენტარების გაკეთების უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, შამბამ ამ განცხადებით შეთანხმება დაარღვია.
ჟენევის საერთაშორისო კონფერენცია ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად აფხაზური და ოსური მხარეების წარმომადგენლების გამოჩენისთანავე დატოვა.
ჟენევაში საერთაშორისო კონფერენცია დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. რუსული მხარის დახმარებით ჟენევის მოლაპარაკებებს ოსური და აფხაზური მხარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
|