სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე კონტრაბანდისტის და მსჯავრდებულის, ასლანბეკ ბულაცევის კანდიდატურა წარუდგინა.
ამავე ცნობით, ბულაცევს ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. იგი ამ პოსტზე 2006 წელს დაინიშნა. მანამდე კი მას ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, იმავდროულად, ის პრეზიდენტ თეიმურაზ მამსუროვის დეიდაშვილია. მის კანდიდატურას სეპარატისტული პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
ასლანბეკ ბულანცევი ქრთამის აღების ბრალდებით 2006 წელს დააკავეს, თუმცა ჩრდილეთ ოსეთის პრეზიდენტის ნათესაობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ბულანცევი მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში კონტრაბანდის შემოტანით იყო დაკავებული.
კოკოითის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამსუროვის გარემოცვაში მეტსახელ “საქონელითაა” ცნობილი.
კოკოითმა მთავრობა ყოფილი პრემიერის იური მოროზოვის ხელმძღვანელობით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 18 აგვისტოს დაითხოვა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქის იური მოროზოვის ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბორის ჩოჩიევი ასრულებს.
|