დღეს შვეიცარიის დედაქალაქში საქართველოსთან დაკავშირებული შეხვედრები იწყება. დღევანდელ კონფერენციაზე მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების თემას კიდევ ერთხელ განიხილავს და რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხს შეაფასებს.
ჟენევაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიგა ბოკერია და გრიგოლ ვაშაძე წარადგენენ.
ქართულ დელეგაციაში, ასევე, შედიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელები. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია, თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გონერი კაპანაძე.
ჟენევაში საქართველოში არსებულ ვითარებას ქართულ და რუსულ მხარეებთან ერთად, აშშ-ის, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები განიხილავენ. შეხვედრაში გაერო-ს გენერალური მდივანი ბენ კი მუნიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მხარის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს არ დასწრებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მიზანი მიღწეული ვერ იქნა. მართალია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, თუმცა დე-ფაქტო ლიდერები დღეავანდელ შეხვედრას მაინც დაესწრებიან.
რუსულმა მხარემ საკუთარ შემადგენლობაში სოხუმისა და ცხინვალის დელეგაციებიც ჩართო, რომლებსაც აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებენ.
სერგეი ბაღაბშის პრესსამსახურის ინფორმაციით, “დელეგაციის შემადგელობაში შედიან პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიკბა და გერმანიაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოადგილე ზეკი კაპბაც”.
სოხუმს იმედი აქვს, რომ დასავლეთისა და ევროპის პოზიციის მიუხედავად, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შემდგომ მოლაპარაკებებში მონაწილეობის საშუალებაც მიეცემათ, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს ქართული მხარე. საერთაშორისო ექსპერტთა დაყოლიებაც მხოლოდ იმ პირობით მოხერხდა, თუკი დე-ფაქტო ლიდერები მხოლოდ კონფერენციაზე დასწრების სურვილით შემოიფარგლებოდნენ. ყველა სხვა პროცესში მათი ჩართულობა - მიუღებელია.
რაც შეეხება წარმომადგენლობას ცხინვალის რეგიონიდან, ის შემდეგნაირად გამოიყურება - დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მურატ ჯიოევი და დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი. თავის მხრივ, დელეგაციას პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს.
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალან პლიევის განცხადებით, ცხინვალის დელეგაციამ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოლაპარაკებები უკვე გამართეს, 15 ოქტომბერს კი ჟენევის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილოებას.
ამასთან, საგულისხმოა, რომ სააგენტო “რეს”-ი აქვეყნებს ჟენევის შეხვედრაში მონაწილე დელეგაციების ჩამონათვალს, სადაც ქართული მხარე მოხსენიებული არ არის.
მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ რუსეთის მიერ აღიარებული დე-ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები ჟენევის კონფერენციაზე როგორმე მოხვედრილიყვნენ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი კავკასიის უსაფრთხოების განხილვისას ევროპული თანამეგობრობის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
“მიგვაჩნია, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე უარი უნდა თქვან და სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციისთვის ზიანის მიყენების შეკვეთის შესრულების ნაცვლად ღია დემოკრატიული ხაზი გაატაროს”, - განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
მისი თქმით, ევროპულ სტრუქტურებთან კონტაქტის გამოცდილების გათვალისწინებით, ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე მსჯელობა ორმაგი სტანდარტით წარიმართება.
“იმ ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი რუსეთი თავს პატარა საქართველოს დაესხა, გეოგრაფია კარგად არ იციან. მათ არ იციან, რომ ეს პატარა საქართველო კიდევ უფრო პატარა სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს და უნდოდა, სამხრეთ ოსეთის ხალხი მთლიანად გაენადგურებინა”, - განაცხადა კოკოითმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი, სააგენტო “ლიგაბიზნესინფორმთან” დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისას, აცხადებს, რომ ეს არა კონფერენცია, არამედ დისკუსიაა და რომ კავკასიაში უსაფრთხოებას უპირველესად საქართველო ემუქრება.
“თავდაპირველად ჩვენ გვინდოდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი განგვეხილა, როგორც დიმიტრი მედვედევი და ნიკოლა სარკოზი შეთანხმდნენ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს უარყო. ახლა ჩვენი წინადადება წარსული საქმეა, რამდენადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი რუსეთისთვის ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულია”, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვისთვის სრულიად ნათელია, რომ კავკასიაში უსაფრთხოებას უპირველესად საქართველო ემუქრება. ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს საუბარი, თუ როგორ შეიძლება თბილისის აგრესიული დარტყმების თავიდან აცილება და ვინ აწვდიდა საქართველოს იარაღს.
“საუბარი ასევე უნდა შეეხოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო უსაფრთხოების ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლების პასუხისმგებლობაზე. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს არმია ყაზარმებში დარჩეს, როგორც ეს გადაწყვეტილი იყო. და რა თქმა უნდა, მედვედევი-სარკოზის გეგმა დისკუსიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიან მონაწილეობას ითვალისწინებს”, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, საქართველოს რეჟიმმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ უზარმაზარ სამხედრო არსენალს უპასუხისმგებლოდ იყენებს.
გარდა ამისა, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ჟენევის დღევანდელი მოლაპარაკებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე შეთანხმებით დასრულდება.
“ველოდებით, რომ აღნიშნული გარანტიები სავალდებულო იურიდიული და მატერიალური ხასიათს იქნება. გარანტიების ცენტრალურ ელემენტად საქართველოსა და აფხაზეთს შორის, ასევე, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას განვიხილავთ. ამ შეთანხმებების ძალაში შესვლამდე კი, საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება მკაცრად უნდა შეასრულოს, რის გარანტადაც ევროკავშირი გამოდის”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნესტერენკომ.
მისივე თქმით, საჭიროა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ზონებში უსაფრთხოების რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები შემუშავდეს.
ნესტერენკოს განხადებით, მიზანშეწონილი იქნება კომპლექსური ზომების შემუშავება, რომლებიც საქართველოს მილიტარიზაციას შეაჩერებს. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის მძიმე და შეტევითი შეიარაღების მიწოდებაზე უარის თქმა.
“ჟენევაში რუსული დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობს, მზად არის, მედვედევი-სარკოზის გეგმის შესაბამისად კონსტრუქციულად იმუშაოს. სამწუხაროდ, ზოგი პარტნიორი ცდილობდა, შეხვედრის მონაწილეებთან დაკავშირებით ინტრიგა შეექმნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელი და უცვლელია - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის გარეშე მათი უსაფრთხოების შესახებ რაიმე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია”, - განაცხადა ანდრეი ნესტერენკომ.
საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, აქვს ცალსახა პასუხი ყველა ზემოთაღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით და ეს პასუხი აგრესიისთვის ზურგშექცევაა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების დელეგაცია დღეს ჟენევაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-დაქტო მთავრობების წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრას არ აპირებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა.
“როგორც ვიცით, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერები, შესაძლოა, ჟენევაში ჩამოვიდნენ და არაფორმალურ დისკუსიაში მიიღონ მინაწილეობა. შეერთებული შტატები მათთან ცალკე შეხვედრების გამართვას არ გეგმავს”, - აცხადებს მაკკორმაკი.
რამდენად მისაღები იქნება მაყურებლის როლში ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელთათვის და რამდენად მოხიბლავთ მათ მწვავე დისკუსიაში მუნჯის როლი, ამის გარკვევა მათთვის მიგვინდია...
|