რიგგარეშე ფორმატში დღეს პარლამენტის სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, რუსეთის მოქმედებები არ იძლევა ოპტიმიზმისა და იმის ფიქრის საფუძველს, რომ მისი სამხედრო ნაწილები სარკოზის შეთანხმების გათვალისწინებით, 7 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ამიტომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ სოფელში, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა ისევ გაგრძელდეს.
გარდა ამისა, 16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს. აღნიშნული კანონი უშუალოდ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ჩაანაცვლებს.
პარლამენტის სხდომა 16:00 საათისთვის დაიწყება.
|