სოფელ წნორში დღეს ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია ელოშვილი, აგრეთვე აშშ-ის ათასწლეულის კორპორაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები.
ცენტრის მეპატრონემ სოლომონ ქოროღლიშვილმა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 47 800 აშშ დოლარის გრანტი მოიპოვა. ამ თანხითა და 66 600 აშშ დოლარის თანამონაწილეობით მან შესძლო ცენტრის აშენება და გარემონტება, პროდუქციის გასავრცელებელი ავტომანქანის და საოფისე ავეჯის შესყიდვა, ასევე დაფარა მარაგისა და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის, მარკეტინგის, ტრენინგისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხარჯები.
ცენტრი ადგილობრივ ფერმერებს მცენარეთა დაცვის და ვეტერინარული საშუალებებით მოამარაგებს. ასევე მიაწვდის მანქანა-დანადგარებს, ჩაატარებს სასწავლო ტრენინგებს, უზრუნველყოფს ფერმერებს სავაჭრო კრედიტებითა და ინფორმაციით ბაზრების შესახებ. პროექტის განხორციელების შედეგად, წნორსა და ბოდბისხევში 3500-მდე ფერმერს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალხარისხიანი პროდუქციითა და მომსახურებით. ამასთან, ცენტრში შეიქმნება 10 ახალი სამუშაო ადგილი.
|