ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს დღეს პარლამენტში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე გააკეთებენ.
ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხი გასულ კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ,,ძლიერი საქართველო ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარე გია თორთლაძემ დააყენა. მან გამოცხადებული აუქციონის შეჩერება და შესაბამისი ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით, პარლამენტში ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკა
შარაშიძის მისვლა მოითხოვა.
საკითხს ორშაბათის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტი ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემის საკითხს პოლიტიკური სპეკულირების თემად ქცევას არ აპირებს და ამ პროცესის თავიდან აცილების მიზნით, ბაქრაძემ ანტიკრიზისულ საბჭოსთან ერთად გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებს, შესაბამისი მინისტრებისგან ინფორმაციის მოსმენა დაავალა.
მინისტრები დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ. სხდომა პარლამენტის პირველის რესპუბლიკის დარბაზში 13:00 საათზე გაიმართება.
|