ოფიციალური მოსკოვი ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან სასამართლო ამ საკითხის განხილვის იურისდიქციას არ ფლობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსული მხარის პოზიცია, რომლის თანახმად, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიმართ საქართველოს პრეტენზიების განსახილველად შესაბამისი იურისდიქცია არ გააჩნდა, 15 მოსამართლიდან 7-მა გაიზიარა და საპირისპირო მგადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით იქნა მიღებული.
“იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომების კონტექსტში წინასწარ ხასიათს ატარებს, ჩვენ განხილვის შემდგომ სტადიაზე ვაპირებთ იმის მტკიცების გაგრძელებას, რომ სასამართლო აღნიშნული საქმის განხილვის იურისდიქციას არ ფლობს”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ლავროვის უწყების მტკიცებით, “მოსამართლეებმა ვერ იპოვეს საფუძველი როგორც საქართველოს მხარის მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომებისთვის, ასევე იმისათვის, რომ ეს ზომები მხოლოდ რუსეთის მიმართ ყოფილიყო გატარებული და შესაბამისი ვალდებულებები ორივე მხარე დააკისრეს; ამასთან, ამ ზომებს ზოგადი ხასიათი აქვს და ისინი მიუთითებენ მხარეებს აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე”.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება “იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარეც ისევე მკაცრად გაითვალისწინებს საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს”.
“ჩვენ ვადასტურებთ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპის მხარდაჭერას და ვაცხადებთ, რომ მომავალშიც კეთილსინდისიერად შევასრულებთ საერთაშორისო კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის თაობაზე, მით უფრო, რომ ამ კონვენციის შესრულების აუცილებლობა ჩვენთვის ნათელია. ველოდებით, რომ ქართული მხარეც მკაცრად გაითვალისწინებს ამ კონვენციის მუხლებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
|