რუსეთი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ”მკაცრად დაგმოს და დაუსჯელი არ დატოვოს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები, რომელიც მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩაიდინა”.
ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადენელმა ვლადიმერ ჟიგლოვმა გააკეთა.
მისი თქმით, “საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაახლოებით 10 ათასი არასრულწლოვანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და გაქცეულიყო”.
ჟიგლოვმა კიდევ ერთხელ შეახსენა გაეროს წევრებს, რომ “ქართული ჯარი მიზანმიმართულად ბომბავდა იმ გზას, რომლის საშუალებითაც ქალაქიდან თავის დაღწევას ლტოლვილები, მათ შორის ბავშვები ცდილობდნენ”.
”ქართველები ცეცხლს უხსნიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, ხოლო თხოვნები ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ დიდი ხნის გტანმავლობაში იგნორირებული იყო. ცეცხლი იყო გახსნილი სკოლების, ბაღების, საავადმყოფოების მიმართულებით, რის შედეგადაც მათი დიდი ნაწილი განადგურებულია“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა, რომლის აზრით, ”კაცობრიობის წინააღმდეგ ეს ცინიკური დანაშაულებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ დაგმობას საჭიროებს”.
”იმედი მაქვს, მსოფლიო თანამეგობრობა გააერთიანებს ძალისხმევას კონფლიქტების შესაჩერებლად, ძალადობასთან ბრძოლის, უწიგნურობის დაძლევის, სიღარიბის, ავადმყოფობის დაძლევის მიზნით, რათა შეიქმნას ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების სამყარო”, - დასძინა მან.
|