გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. პრეზიდენტმა რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვილისას აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოში ”კანონზომიერი” და ”გარდაუვალი” იყო, რადგანაც ბოლო წლებში საქართველო ”სახელმწიფოს მოდელს” ქმნიდა რუსეთის სამეზობლოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო მოსკოვისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, საქართველო იყო წარუმატებელი სახელმწიფო და რუსეთისთვის ღია სამხედრო აგრესიის განხორციელება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
”მაგრამ, როდესაც საქართველომ, რომელიც რუსეთის მსგავსად მართლმადიდებლური სახელმწიფოა... განვითარება და წინსვლა დაიწყო, ეს მათთვის მოულოდნელი იყო; მათ ვერც წარმოედგინათ, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენი ქუჩები და ქალაქები ბევრად უფრო ჩქარა დაიგო, ჩვენ უკეთესი გზები გვაქვს, ვიდრე რუსეთში; ჩვენ უფრო მეტ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ვაშენებთ, ვიდრე ნებისმიერი ამ ზომის და ბევრად დიდი რუსული ქალაქი; აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ბევრად მეტი უცხოელმა ტურისტმა დაიწყო პროცენტულად ჩამოსვლა და ბევრად მიმზიდველი ქვეყანა გახდა... ანუ იქ, სადაც ისინი ამას არ მოელოდნენ, უცებ აღმოცენდა ალტერნატიული მოდელი საზოგადოების,”-განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ”მისი (რუსეთის) მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, მაგრამ საქართველოში ჯარების გამოგზავნით პუტინმა თავის მიზანს ვერ მიაღწია.”
სააკაშვილის თქმით, საერთაშორისო ზეწოლამ თავისი როლი შეასრულა, თუმცა ”მთავარი რამ”, რაც ნამდვილად დაეხმარა რუსეთის საქართველოში შემოჭრის შეჩერებას იყო ”ქართველი ხალხის მზაობა წინააღმდეგობის გასაწევად”.
|