აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მუშაობის გრაფიკს შეაჯერებენ.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განუცხადა, დღეს ასევე იმსჯელებენ იმ თანამდებობის პირების ნუსხაზე, რომელთაც უახლოეს სხდომებზე დაიბარებენ.
ამას გარდა, დღესვე გადაწყდება, რომელი ტელეარხის მეშვეობით მოხდება მნიშვნელოვანი სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას უკვე მომავალი კვირიდან შეუდგება. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ კომისიასთან პოლიტოლოგიისა და კონფლიქტების დარგის პროფესორები, მეცნიერები და ექსპერტებიც ითანამშრომლებენ ითანამშრომლებენ.
ამის შესახებ გუშინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრეს, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია ექსპერტებს და კონფლიქტის დარგის პროფესორებს შეხვდა.
დავითაიას თქმით, მნიშვნელოვანია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე სპეციალისტებთან ერთობლივი მსჯელობა და აზრის გათვალისწინება. მისივე ინფორმაციით, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა, რომელსაც კომისიის წევრები საჯაროდ განიხილავენ.
სხდომაზე კომისიის რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, ისაუბრეს, რომ პირველ რიგში გასათვალისწინებელია რუსეთის მხრიდან ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოზე აგრესიის განხორციელების მზადება. ასევე, მნიშვნელოვანია თავად აგრესიის დეტალური შესწავლა, შეიძლებოდა თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება, რა ხარვეზები არსებობდა კონფლიქტის დროს თუნდაც თავდაცვის სამინისტროში, გაფორმებული შეთანხმებების, ხელმოწერილი დოკუმენტების დეტალური განხილვა და კონფლიქტის დარეგულირებაში დეზორგანიზაციის მიზეზების შესწავლა.
პაატა დავითაიას განცხადებით, საომარი მდგომარეობის დროს ყველაზე ადეკვატურად საქართველოს პარლამენტი მოქმედებდა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციურად არ ევალებოდა, მაინც ეფექტურად მუშაობდა შტაბებთან.
|