საქართველოში რუსული აგრესიის მიერ მიყენებული ზარალის აღსადგენად 3,25 მილიარდი დოლარი დასახელდა.
ეს ციფრი დასახელებულია იმ წერილობით განცხადებაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გაავრცელა საქართველოსთვის დონორულ კონფერენციასთან დაკავშირებით. კონფერენცია, მინისტრების დონეზე, 22ოქტომბერს, ბრიუსელში შედგება.
თანხა ქვეყნის ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური პროგრამების დახმარებას მოხმარდება.
ერთ-ერთ კონკრეტულ ამოცანად “საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერება” სახელდება.
მომავალ კონფერენციას ევროკომისარი საგარეო კავშირებსა და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი გახსნის.
მასში მონაწილეობას ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზუ, საფრანგეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მიიღებენ.
კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ლადო გურგენიძე წარადგენს.
|