ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17 » რეინტეგრაციის მინისტრს პარტიზანული მოძრაობის ეშინია და კუჭის წყლულის იმედზეა
რეინტეგრაციის მინისტრს პარტიზანული მოძრაობის ეშინია და კუჭის წყლულის იმედზეა
13:30
ექსპერტები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ოსებსა და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა აუცილებელია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე რეინტეგრაციის სამინისტრო, თუმცა... დღეს, ამ ხალხებისგან დიდი უფსკრული გვყოფს, ურთიერთობები უფრო გამწვავდა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა უტოპიად გვეჩვენება.

რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ურთიერთობის აღსადგენად, როგორ უნდა ”გავათავისუფლოთ” ოკუპირებული ტერიტორიები და დაგვტოვებს თუ არა მსოფლიო პრობლემებთან მარტო? – ”ვერსიის” კითხვებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი პასუხობს.

თავის დროზე, რეინტეგრაციის სამინისტრო იმიტომ შეიქმნა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაცია მომხდარიყო. არადა, ბოლო პერიოდში, ამ ხალხებთან, პირიქით, უფსკრული გაიზარდა.
- მე ოსებს ორ ნაწილად გავყოფდი - ისინი, ვინც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და სხვა რეგიონებში მაცხოვრებელი ოსები, რომელთა წინააღმდეგ, კონფლიქტის მიუხედავად, არანაირი ფაქტები არ ყოფილა. ეს საამაყოა. ცხინვალის რეგიონში პირველი კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ოსები კარგ მდგომარეობაში არ ყოფილან. ჩემი მოადგილე, ქალბატონი ელენე თევდორაძე ოსებით დასახლებულ სოფლებში სპეციალურად გავგზავნე და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ახლა, მათ არავინ ავიწროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ოსებთან პრობლემა არ გვაქვს!

ბუნებრივია, ომის დროს, პრობლემები შეიქმნა იმ ოსებთან, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ. თუმცა, გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ ეს ომი დიდი ხნის წინ მოამზადა რუსეთმა. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იქნება, ამ ხალხს სიმართლე რაიმე ფორმებით ავუხსნათ. გულახდილად გეტყვით, არ მეგონა, რუსები ოსებს ასე გაწირავდნენ. პროვოკაციებს ველოდით, მაგრამ გვეგონა, დარტყმა კოდორში განხორციელდებოდა. როგორც ჩანს, კოკოითი ბოლომდე დაიმონეს და მანაც თავისი ერი გაწირა. შედეგად, უამრავი უსახლკარო ადამიანი, მიწასთან გასწორებული სოფლები და ეთნიკური წმენდა მივიღეთ.

საკუთარი ხალხი გაწირაო, ამბობთ კოკოითზე, რომელმაც, ფაქტია, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქალები და ბავშვები ომს რამდენიმე დღით ადრე გაარიდა.
- მოვლენები საინტერესოდ პირველი აგვისტოდან ვითარდებოდა, როცა სეპარატისტებმა მსხვილკალიბრიანი შეიარაღება გამოიყენეს. იმ რეგიონში აქა-იქ სროლები ყოველთვის იყო, მაგრამ მსგავსი ტიპის იარაღი, წესით, იქ არ უნდა ჰქონოდათ. ადვილი მისახვედრია, ეს იარაღი სეპარატისტებს როკის გვირაბის საშუალებით მიაწოდეს. არსებობს რუსეთის ”სამშვიდობოების” გენერლის, კულახმეტოვის დასკვნა, რომ პირველიდან ორამდე, ღამით, ქართული სოფლები 80 მმ-ზე მაღალი შეიარაღებით იბომბებოდა. ეს ჩვენთვის იყო პირველი ნიშანი, რომ რეგიონში რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.

ამას მოჰყვა ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია, რის საჭიროებასაც ჩვენ ვერ ვხედავდით - ქართულ მხარეს თავდასხმისა და ომის დაწყების გეგმა არ ჰქონდა. საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონში პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ სურდა. ამიტომ ვეხმარებოდით სანაკოევის ადმინისტრაციას, ვხარჯავდით ფულს ქურთას, თამარაშენისა და სხვა სოფლების მოწყობაში. გიჟები ხომ არ ვართ, იმისთვის აგვეშენებინა, რომ შემდეგ დაგვენგრია? როგორც ჩანს, რუსები სწორედ ამ ამბავმა აღაშფოთა - დაინახეს, რომ რუსეთი ზეგავლენას, კოკოითი კი ძალაუფლებას კარგავდა...

სეპარატისტებმა ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია რომ დაიწყეს, პრეზიდენტს დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ რეგიონში რაღაც არანორმალური ხდებოდა. შვებულებების პერიოდი იყო და არც პრეზიდენტი და არც თავდაცვის მინისტრი საქართველოში არ იყვნენ. დამერწმუნეთ, ჩვენ რომ რაიმე დაგვეგეგმა, ყველანი აქ ვისხდებოდით, სამხედრო რუკებში თავჩაქინდრულნი.

მოკლედ, ყველაფერი მოულოდნელი და გარდაუვალი იყო?
- დიახ. მე ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი და ვიცი. როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტილება აპრილში ან მაისში ჰქონდათ მიღებული. უბრალოდ ფიქრობდნენ, დარტყმა სად განეხორციელებინათ. სხვათაშორის, ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვთქვით. მაოცებს და მაბრაზებს, როცა ამბობენ, პროვოკაციას რატომ წამოეგეთ, დასავლეთი რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსშიო. 5 აგვისტოს კონფლიქტურ რეგიონში ელჩები რომ ჩავიყვანეთ და სიტუაცია ვაჩვენეთ, მათი აზრით, ეს რას ემსახურებოდა?

გასაგებია, ომი გარდაუვალი იყო. ახლა იქნებ ახსნათ, სამომავლოდ, ოსებთან ურთიერთობების აღსადგენად, კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ?
- კონკრეტული ნაბიჯების ჩამოთვლა ახლა რთულია. ჯერ ვნებები უნდა დაცხრეს. ოსებთან ურთიერთობა საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ იქამდე გვქონდა, ვიდრე რუსები გაიღვიძებდნენ და კავკასიით დაინტერესდებოდნენ. თანაცხოვრების ამ უზარმაზარ ისტორიას ეს კონფლიქტიც კი ვერ დაჩრდილავს და მოვა დრო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სავაჭრო ურთიერთობების მეშვეობით, ამ ხალხთან ურთიერთობებს აღვადგენთ.

ჩვენს შორის საზღვრის შექმნა შეუძლებელია! ერთი, როკის გვირაბი მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი დანარჩენ საქართველოსთან იყო ჩართული სავაჭრო, ოჯახურ თუ სხვა ურთიერთობებში. გორში ვაჭრობდნენ და აქედან შესდიოდათ სოფლის მეურნეობისა თუ სხვა პროდუქცია. ახლა, მათ ცოტა ხანს რუსულ კონსერვებზე დასვამენ. მერე, ეს კონსერვები რომ მობეზრდებათ და კუჭის წყლულს რომ გაუჩენს, რაღაცას შეცვლიან. სიმართლე გითხრათ, ახლა ძალიან მეშინია შურისძიებისა - იყო ფაქტები, როცა მეზობელმა სახლი გადაუწვა მეზობელს, რომელსაც მტრობდა. თუმცა, ისეც მომხდარა, რომ პირიქით, ერთმა მეორე შეიფარა და გადაარჩინა. ასევე მეშინია, პარტიზანული მოძრაობა არ დაიწყოს იმიტომ, რომ რუსებს არავინ შეარჩენს, რაც გააკეთეს.

ეს საშიშროებები თავიდან როგორ უნდა ავიცილოთ?
- რეგიონში ევროპელი დამკვირვებლები უნდა შეუშვან და ოკუპანტები წავიდნენ. ამის ნებას ჯერ არ იჩენენ. ეტყობა, რუსეთს კიდევ უნდა, გამოეცალოს საფუძველი თავისი იმპერიული ამბიციებისთვის. დღეს ის ამ გზას ადგას - როცა გადაწყვეტილება მიიღეს, ნავთობის ფასი 150 დოლარი იყო და 200-ისკენ მიდიოდა, ახლა, 72 დოლარია. მათი ბირჟის ნიშნული კი 70-ით ჩამოვარდა. ამ ომმა გამოაჩინა, რომ რუსეთის ჯარი შეიძლება, საქართველოს მოერიოს, მაგრამ თავისი ჟანგიანი ტანკებით სხვას ვერავის შეაშინებს.

არ ვიცი, ამაზე რატომ არ ლაპარაკობს საქართველოს მედია, მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცებმა უზარმაზარი ზარალი მიაყენეს რუსეთის ფედერაციას. სხვადასხვა წყაროდან ვიცით, რომ რუსები ცდილობენ, მაქსიმალურად დამალონ რეალური ინფორმაცია: მათ 2000 კაცზე მეტი ჰყავთ დაღუპული მაშინ, როცა ჩვენგან 180 სამხედრომდე დაიღუპა. როგორ უნდა აუხსნან რუსებმა თავისიანებს, რომ პატარა ქართულ ჯართან შეჯახებისას, 2-3 დღეში, ამდენი ადამიანი დაკარგეს?

გასაგებია, მაგრამ ეს სტატისტიკა ჩვენ რას გვაძლევს?
- უბრალოდ, რუსეთის ამბიციებსა და სიძლიერეზე ვლაპარაკობ. რუსეთი თუ არ დასუსტდა, ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს ვერ დავიბრუნებთ. დასუსტებულ რუსეთზე კი საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით ზეწოლას მოვახდენთ. სხვათაშორის, რუსეთი გაცილებით სწრაფად სუსტდება, ვიდრე ეს ეგონათ. საშინელი ტემპებით - 40 მილიარდი დოლარი ერთ დღეში ჰაერში აორთქლდა.

ჩვენმა პატარა არმიამ რუსეთის დიდ არმიას უზარმაზარი ზარალი მიაყენა. ჩვენმა ჯარმა სამეთაურო კოლონა გაანადგურა - 37 მანქანიდან 5 დატოვა და გენერალი ხრულოვი სამარცხვინოდ გარბოდა ბრძოლის ველიდან. ამ ბიჭებს გმირობა რატომ უნდა დავუკარგოთ?! 17 თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენი, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? ისე გამოვიდა, რომ რუსები შემოვიდნენ და ჩვენ გამოვიქეცით. ასე არ ყოფილა. ჩვენმა ბიჭებმა მედგარი წინააღმდეგობა გასწიეს. ცხინვალი სამსაათნახევარში აიღეს. ეს ადვილი არ იყო. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბიჭები არ შეგვეკლა და ყველაფერში გარკვევის საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიგვეცა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამ ბიჭებს გმირობას არავინ დაუკარგავს, მაგრამ დღეს ხომ ფაქტია - გვყავს უამრავი დევნილი, მიწასთან გასწორებული სოფლები და დაკარგული კიდევ ახალი ტერიტორიები - კოდორის ხეობისა და ახალგორის სახით.
- ეს სამწუხარო ფაქტია! ”დაკარგული” არასწორი ნათქვამია. ეს ტერიტორიები გასათავისუფლებელია და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ! მთავარია, დღეს მსოფლიო აღარ ლაპარაკობს სეპარატიზმზე საქართველოში, ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაზე.

სხვათაშორის, ახალგორზე ითქვა, თითქოს, დიმიტრი სანაკოევთან გარიგებით, 2 წლის წინ ეს რაიონი საბჭოთა კავშირისდროინდელ ე.წ. ოსეთის ავტონომიის საზღვრებში მოექცა და სწორედ ამ გარიგებით აპელირებენ ახლა რუსები.
- ეს უვიცი ხალხის განცხადებებია. როცა სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია შევქმენით, მისი საზღვრებიც განისაზღვრა. ახალგორი სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში არ შედის. ჯერ ერთი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია საერთოდ არ არსებობს. ეს არის დროებითი ადმინისტრაციის განკარგვის არეალი და არა, სამხრეთ ოსეთის საზღვარი.

გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსები სწორედ ამ ”განკარგვის არეალისა” თუ ”სამხრეთ ოსეთის საზღვრით” მანიპულირებენ.
- 1956 წლის რუკა მაქვს, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი საქართველოში შემოდის... ალბათ მიხვდით, რისი თქმაც მსურს. ისე, საჩხერეში რომ დგანან, რა რუკით მანიპულირებენ, თუ იცით? ან ფოთსა და იგოეთში რა რუკის მიხედვით იდგნენ? როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. ახალგორი, უბრალოდ, სავაჭროდ მოიტოვეს და ცდილობენ, იქ აფხაზებისა და ოსების კრიმინალური რეჟიმების ლეგიტიმაცია მოახდინონ. ხომ ხედავთ, ჟენევაში სეპარატისტების წარმომადგენლებით ჩავიდნენ? ცდილობენ, ყველგან ყველას ცხვირში შეატენონ ეს ხალხი, მაგრამ არ გამოსდით.

ახალგორი და კოდორი რამდენად შეიძლება, სამომავლოდ, ახალი პროვოკაციების კერად გადაიქცეს, საიდანაც პროცესების ესკალაცია მოხდება?
- ეჭვი არ მეპარება, ასე იქნება. რუსული პოლიტიკა იმ ექიმს ჰგავს, ოპერაციას რომ ჩაატარებს და ჩირქის კერას დატოვებს. მიუხედავად ამისა, არაფერი გამოუვათ. ვერ დაიტოვებენ ვერც ახალგორს, ვერც კოდორს, ვერც აფხაზეთსა და ვერც ცხინვალის რეგიონს! მაქსიმუმი, რაც შეეძლოთ, გააკეთეს. პიკმა გაიარა.

გულახდილად გეტყვით - ჩვენ ან დროებით ტერიტორიები უნდა დაგვეკარგა და სახელმწიფო შეგვენარჩუნებინა, ან ჩეჩნეთად უნდა გადავქცეულიყავით. ჩვენ პირველი ვარიანტი ვარჩიეთ და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ტერიტორიებს ვერავინ წაიღებს. რუსეთს არ გამოუვიდა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლად ცნობის ფოკუსი - ის ახლა საერთაშორისო იზოლაციაშია. აქ მარტო ამერიკა და ევროპა კი არა, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა სახელმწიფოებიც იგულისხმება.

ასე რომ, არ გამოსდით და არც გამოუვათ კრიმინალური რეჟიმების, უკაცრავად ჟარგონისთვის, ”გაპრავება”! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს მარტო საქართველოს კი არა, ევროპული პრობლემაცაა - რუსეთმა ევროპის საზღვრების გადაკეთება სცადა და ეს მას არ გამოუვა. ახლა უკან დახევის პროცესია დაწყებული და ბოლომდე უნდა მივაწვეთ.

Просмотров: 798 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz