ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ნიკოლა სარკოზიმ განცხადება გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. სარკოზის თქმით, შეუძლებელია ევროკავშირის თავმჯდომარე ყოველ ექვს თვეში იცვლებოდეს.
მისი განცხადებით, ფინანსურმა და საქართველოს ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა აჩვენა, რომ ევროკავშირს ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება და შეუძლებელია, ევროკავშირის თავმჯდომარე ყოველ ექვს თვეში შეიცვალოს.
ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დეკემბრის შეხვედრაზე ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს დააყენებს. აღნიშნული ევროკავშირის სტრუქტურების რეფორმას და მუდმივი თავმჯდომარის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.
"ფინანსურმა და საქართველოს ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირს ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომლიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს. არ შეგვიძლია, თავმჯდომარე ყოველ ნახევარ წელიწადში ვცვალოთ. ჩვენს წინაშე უამრავი პრობლემაა. მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა ბერნარ კუშნერის მონაწილეობით მიაღწიეს", - განაცხადა სარკოზიმ.
ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიღწეული შეთანხმების თითოეული დეტალი კუშნერთან ერთად შეისწავლა. საფრანგეთის პირველი პირი ამბობს, რომ ამ გამოცდილების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა შეუძლებელია.
სარკოზიმ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთულად დაიწყო, თუმცა, თავად მოლაპარაკებების დაწყების ფაქტს სასწაული უწოდა.
"ჯერ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ 2 თვეში საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ – ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარის გაყვანას და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას", - განაცხადა სარკოზიმ.
|