დასავლეთ საქართველოში წყალდიდობაა. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონის რამდენიმე რაიონი და სოფელი დატბორა. ადიდებულმა მდინარე რიონმა ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის კარ-მიდამო დააზიანა. განსაკუთრებით დატბორილია იმერეთისა და გურიის სოფლები. წაღებულია ხიდები, ჩამოწოლილია მეწყრები და ჩახერგილია გზები. პრობლემები შეიქმნა ვანის რაიონში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებშიც, სადაც მიმდებარე ტერიტორიაა დატბორილი. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება გურიისა და სამეგრელოს 36 ათას აბონენტს. ენერგოპროჯორჯიას თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია.