აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პირველად შსს მინისტრს და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს დაიბარებენ. ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც ახლა დახურულ ფორმატში გრძელდება.
კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, კომისიის სხდომა, სადაც ვანო მერაბიშვილსა და გელა ბეჟუაშვილს მოუსმენენ, ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს გაიმართება. მისი თქმით, კითხვების სწორად დასმისთვის აუცილებელია კომისიამ ჯერ საფუძვლიანი ინფორმაცია მიიღოს აგვისტოს მოვლენებზე.
კომისიის დღევანდელ სხდომაზევე დავითაიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს დაავალა, კომისიას წარმოუდგინოს ის ინფორმაციები, რაც კომიტეტს გააჩნია.
კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები, არასამთავრობოების შეფასებები, სატელეფონო ჩანაწერები და ა.შ. ამ კონტექსტში დავითაიამ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვის განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ამბობს, რომ სროლა ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს და სამშვიდობოები ვეღარაფერს ახერხებენ.
|