დღეს, 18 ოქტომბერს პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს გზის” ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ დოვილში მონაწილეობას მიიღებს ქალთა მსოფლიო ფორუმში “Women's Forum Global Meeting”.
სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს თემის - "გლობალური სურათი" განხილვაში, სადაც ევროპულ კავშირის მომავალზე და პერსპექტივებზე იმსჯელებენ. დებატებს საფრანგეთის საერთაშორისო არხის FRANCE 24-ის ჟურნალისტი, კაროლინე დე კამარეტი გაუძღვება.
ქალთა მსოფლიო ფორუმი საფრანგეთში, ქალაქ დოვილში 16 ოქტომბერს გაიხსნა. ფორუმში მსოფლიოს ორიათასამდე ცნობილი ქალბატონი მონაწილეობს. საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი და პარტიის პრესმდივანი, სოფო ჯაჯანაშვილი იღებენ.
ფორუმზე განიხილება შემდეგი თემები: "ქალი სამსახურში და საზოგადოებაში", "სამეცნიერო ცხოვრება და ტექნოლოგიები" და "გლობალური სურათი".
სალომე ზურაბიშვილი და სოფო ჯაჯანაშვილი საქართველოში 21 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
|