ახალგორში სიტუაცია სულ უფრო არასტაბილური ხდება. ოკუპანტები ქართულ ტერიტორიას არ ტოვებენ. რუსეთის მიერ გავლებულ საზღვართან რუსმა სამხედროებმა სანგრები გათხარეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით შეინიშნება ცოცხალი და მძიმე ტექნიკის მობილიზება. გუშინ ახალგორის ტერიტორიაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე არ შეუშვეს. დენიელ ფრიდი ოკუპანტებმა ”საზღვარზე” არ გადაუშვეს.
დე ფაქტო ხელისუფლება კი ახალგორში მცხოვრებ ახალგაზრდებს დე ფაქტო ჯარში იწვევს.
”ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი ახალი პროვოკაცია გამოიგონა. მიმდინარე წლის იანვრამდე ახალგორში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას სეპარატისტულ ჯარში იწვევენ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია,” - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა და რუსეთის პირველმა პირმა მიაღწიეს, 10 ოქტომბრამდე საქართველოში ყველა უკანონო ბლოკ-საგუშაგო უნდა გაუქმებულიყო. ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის შეთანხმება ნაწილობრივ შესრულდა. ახალგორის პრობლემაზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბერნარ კუშნერმაც ისაუბრა.
|