თბილისი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” პოლიტსაბჭოს წევრთა საჩივრის საფუძველზე პარტიის ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას საქმიანობის გამოძიება დაიწყო.
პოლიტსაბჭოს წევრთა საჩივარი ბაღათურიას მიერ პარტიის კუთვნილი ფინანსური სახსრების განკარგვის მიზნობრიობას და პოლიტიკური გაერთიანების წესდების სხვა დარღვევებს შეეხება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ “ქართულ დასში” განხეთქილება მოხდა. პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობა ჯონდი ბაღათურიას “ქართული დასის” საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული 4 თვის თანხის გაფლანგვასა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად მიღებაში ადანაშაულებს.
როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა ნათელა სირაძემ განაცხადა, პარტიის ლიდერი “ქართული დასის“ წესდების საპირისპიროდ, უკანონოდ მოქმედებდა, რის შედეგადაც პოლიტსაბჭოში განხეთქილება მოხდა.
“ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის მიზეზი ჯონდი ბაღათურიას მიმართ სიმპატიები არ ყოფილა. ჩვენი მიზანი იყო, გვემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის და გვეზრუნა საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ღალატს პრეზიდენტსაც კი არ აპატიებს და ბაღათურიას უკანონო ქმედებასა და ღალატს ნამდვილად ვერ მოვითმენდით! ის ჩვენთან შეთანხმების გარეშე იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, პირადად გაჰქონდა პარტიის კუთვნილი თანხა, რაშიც ვამხილეთ კიდეც”- განაცხადა ნათელა სირაძემ.
“ჩვენ გვეგონა, რომ ჯონდი ბაღათურია “ქართული დასის” სახელით მოემსახურებოდა ისეთ ფასეულობებს, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ ბაღათურიამ “ქართული დასი” გააფუჭა” – აცხადებს სარევიზიო კომიისიის წევრი გია გაბრიჩიძე.
ერთი კვირის წინ პოლიტსაბჭოს წევრებმა საჯაროდ გააკეთეს განცხადება “ქართული დასის” ლიდერის უკანონო ქმედებების შესახებ, რის შემდეგაც თავად ბაღათურიამ ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ “ეს ხალხი არ სჭირდება”.
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ 18 ოქტომბერს ბათუმის თეატრში “ქართული დასის” ყრილობა უნდა გამართულიყო. “ყრილობაზე სიმართლის დასაფიქსირებლად მივედით, მაგრამ ბაღათურიამ ყრილობა ერთი დღით გადადო და რამდენიმე მუქარაც კი გაისმა. ყრილობის მოწვევის ერთადერთი საფუძველი პოლიტსაბჭოს ძველი წევრების ახლით შეცვლა იყო“ – აცხადებენ პოლიტსაბჭოს წევრები.
|