“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-მ საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური პარტნიორი, მოატყუა. ნათელაშვილი აშშ-ს ხელისუფლებისგან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს.
როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ განცხადების გაკეთება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში იმყოფება აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი.
“სააკაშვილის მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესები შესწირა რუსეთ-ამერიკის ბრძოლას გეოპოლიტიკური პირველობისთვის”, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ ამერიკის მხარდაჭერისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, კერძოდ, დაკარგა ტერიტორიები, რუსეთის უდიდესი ბაზარი, გააუქმდა რუსეთთან უვიზო მიმოსვლა.
მანვე აღნიშნა, საქართველოსთვის უნდა მოიძებნოს იმ ბაზრის შემცვლელი, რომელიც საქართველომ რუსეთის სახით დაკარგა. ნათელაშვილი მოითხოვს, საქართველოსთან აშშ-მ თავისუფალი ვაჭრობისა და გადაადგილების ხელშეკრულება გააფორმოს.
“ამერიკის მოკავშირეობისთვის ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ, ამისგან მოგება კი სხვა სახელმწიფოებმა, კერძოდ ბალტიისპირეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და სამხრეთ კორეამ უვიზო რეჟიმი მიიღეს”, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
|