ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში რუსეთს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს.
როგორც მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რუსეთმა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება ბოლომდე უნდა შეასრულოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონაში შესვლის უფლება უნდა მისცეს”.
“ეს არის დიპლომატიური პროცესი და მოლაპარაკებების საკითხი. ნაკლებ სავარაუდოა, ეს ძალიან მალე მოხდეს, თუმცა ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ჰაბერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მისია სამშვიდობოა და 10 ოქტომბრიდან დამკვირვებლები იარაღის გარეშე პატრულირებენ.
“მისიამ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ქართულ პოლიციასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს”, - აღნიშნა ჰაბერმა.
|