საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პაატა დავითაია გენერალური პროკურატურისგან სეპარატისტთა ლიდერების კოკოითისა და ბაღაფშისთვის ბრალის დროულად წაყენებას მოითხოვს.
”მინდა, ვთხოვო გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ლაცაბიძეს, სეპარატისტი ლიდერებისთვის ბრალის წაყენების პროცესი დააჩქაროს, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მათი ქმედებები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში აღარ ჯდება” - განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავითაიამ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ”რუსეთის მხრიდან ახალი, დიდი პროვოკაციის მზადების” თაობაზე.
ამ კონტექსტში დავითაია ახალგორის მოვლენებს, „საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ“ რუსული მედიის ინფორმაციას, საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს შეეხო.
„ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი სეპარატისტებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ახალი მოქმედებების დასაწყებად ემზადება“ – დასძინა დეპუტატმა.
|