დღეს ბრიუსელში საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოსთვის დახმარების სახით ფულადი თანხის გამოყოფაა.
კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის თანათავმჯდომარეები ევროკომისარი საგარეო საქმეთა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში ბენიტა ფერერო ვალდნერი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ იქნებიან.
შეხვედრაზე განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.
ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
გარდა ამისა, ბრუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი და საგარეო დახმარების დირექტორი ჰენრიეტა ფორე საქართველოსა და აშშ-ს შორის ბიუჯეტის თანადგომის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
|