აჭარის არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით 9 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ აჭარის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე ბაქრაძემ ისიც განაცხადა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების თავის გამოჩენის სურვილს, ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს არ გადააყოლებს.
ინტერფრაქციული ჯგუფის პირველივე სხდომაზე, ჯგუფის წევრი და უმცირესობის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ განკარგულების საკითხსაც დააყენებს, რომლის თანახმადაც ბათუმს 12 მილიონი უპროცენტო სესხის სახით გამოეყო. ვეფხვაძემ ამ თანხის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის ვოიაჟებზე ასახვაზე უკვე ისაუბრა.
ჯერჯერობით უცნობია მოჰყვება თუ არა რაიმე რეაგირება ამ ფაქტს და “დაისჯება” თუ არა ვინმე, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია ლევან ვარშალომიძის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრის მიხეილ ჟღენტით ჩანაცვლების სურვილის შესახებ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა შეცვლის ფორმა და შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.
|