ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, რამდენიმე დღის წინ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართონ პარლამენტის წინ აქციის დარბევის ერთი წლისთავის აღსანიშნავად.
“ეს არის დღე პოლიციური აპარატის წინააღმდეგ, ეს არის ზოგადად ღირსების დღე,” - განაცხადა მან 20 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. “სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ქმედებაზე, რომლითაც ზიანი მოუტანა საქართველოს და იმ სისხლის გამო, რომელიც აგვისტოში დაიღვარა”.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ “კონსერვატორული” პარტია ესწრებოდა პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციას, რამდენიმე სხვა პარტიამ, რომლებიც ოპოზიციური კოალიციის წევრები იყვნენ, “ახალი მემარჯვენეების” ჩათვლით, განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან აქციას. “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინიც “შესაძლოა” შეუერთდნენ აქციას, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები და პარტიის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ 7 ნოემბერს ერთდღიანი აქციის გამართვა იგეგმებოდა.
“თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე გავჩერდებით,” - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ოპოზიცია იწყებს “საპროტესტო აქციების ახალ ტალღას”.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს დემოკრატიზაციას, კერძოდ საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და სამაუწყებლო მედიის თავისუფლებას.
მოგვიანებით იმავე დღეს რადიო “უცნობის” ეთერში საუბრისას, კახა კუკავა შეეცადა ზომიერი ტონი შეენარჩუნებინა და განაცხადა, რომ ოპოზიცია არ გეგმავს პოლიტიკური მოთხოვნების რადიკალიზაციას.
მართალია მან განაცხადა, რომ “გამორიცხული არაფერია” - კითხვაზე მოითხოვს თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას, მან აღნიშნა: “ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და ემოციურ მოთხოვნებს არ უნდა ჩავეჭიდოთ”.
კუკავას თქმით, ოპოზიციას სურს მნიშვნელოვანი დიალოგი გამართოს ხელისუფლებასთან, რათა შეეცადონ და მიაღწიონ პროგრესს დემოკრატიულ რეფორმებში.
როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიები 7 ნოემბერს საკუთარი თავის გამოცდად მიიჩნევენ. “თუმცა ბევრი ჩვენი მომხრე იმედგაცრუებული და დაღლილია და ფიქრობს, რომ ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწიეთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა,” - განაცხადა კუკავამ.
იმავდროულად, ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან, სკეპტიკურად არიან განწყობილნი საპროტესტო აქციების მიმართ.
“სანამ არ მოხდება სიტუაციის ნორმალიზება (აგვისტოს ომის შემდეგ), საპროტესტო აქციების გამართვა, ჩემი აზრით, მხოლოდ პუტინის და მედვედევის გეგმებს შეუწყობს ხელს,” - განუცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ საპარლამენტო უმცირესობიდან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 ოქტომბერს. თორთლაძე ოპოზიციური კოალიციის ყოფილი წევრია. მან კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის ბოიკოტირებაზე უარი განაცხადა.
როგორც თორთლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ როგორც თითოეული მოქალაქის, ისე ყველა პოლიტიკური ძალის ყურადღება საქართველოდან რუსეთის ჯარების გასვლასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ უნდა იყოს მიმართული.
“და როცა არ ითხოვენ, რომ სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ჯარებმა საქართველო, ეს ძალიან მაკვირვებს”, - აცხადებს გია თორთლაძე და დასძენს, რომ დღეს საქართველოში არეულობის, შეხლა-შემოხლის და მიტინგების დრო არ არის.
შესაბამისად, დეპუტატი 7 ნოემბრის აქციას არ შეუერთდება, თუ აქციის მიზნები წინასწარ გახმაურდება და ეს მიზანი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იქნება. თორთლაძე არც იმ შემთხვევაში აპირებს მიტინგზე მისვლას, თუ აქციის მიზნები წინასწარ არ იქნება გაჟღერებული.
“საქართველოში ახლა დესტაბილიზაცია, რუსეთის გეგმის შემადგენელი ნაწილია”, - აცხადებს თორთლაძე.
“ახალი მემარჯვენეები” კი, სხვა პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად ახალი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას იწყებენ, რომელიც 7 ნოემბრიდან საქართველოში “ახალი საპროტესტო ტალღის დაწყებას” ჩაუდგება სათავეში.
ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
“ჩვენ, ახალი მემარჯვენეები, ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური ორგანიზაციები და ჩვენი თანამოაზრეები საზოგადოებრივი სექტორიდან ვაპირებთ, რომ საზოგადოებას 7 ნოემბრიდან შევთავაზოთ სრულიად ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებს, ისე ქვეყნის გარედან მომართულ საფრთხეს რუსეთის აგრესიის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ფიქრია ჩიხრაძემ. “ამ ყველაფერს ჩვენ ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაციით”.
ფიქრია ჩიხრაძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა იმ პოლიტიკური ორგანიცაზიების დასახელებისგან, რომლებიც ახალ მოძრაობაში გაერთიანდებიან.
“ვინ შევლენ, როგორი ტიპის იქნება ეს მოძრაობა ამის თაობაზე, როცა დრო დადგება, გამოვაცხადებთ. მე წინასწარ არ ვაპირებ ამის გაცხადებას, მაგრამ ეს ტალღა და ეს მოძრაობა ნამდვილად დაიწყება”, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ფიქრია ჩიხრაძემ კომენტარი გააკეთა 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია იქნება მთლიანად მშვიდობიანი და ნურავინ შეეცედაბა, მას რაიმე ქვეტექსტი მოუძებნოს... საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც 7 ნოემბერს ხმას შეუერთებს ამ პროტესტს, დაანახებს მთელ მსოფლიოს, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს შეეგუება ძალადობას, ხელისუფლების მხრიდან იქნება ეს - თუ ქვეყნის გარედან”,-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
|