საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ნიკა ლალიაშვილი სემეკის ხელმძღვანელს, გურამ ჩალაგაშვილს წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობისათვის კანონდარღვევაში ადანაშაულებს. დღეს, პარლამენტის სესიაზე ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს საკმაოდ გრძელი სია აჭარაში წინასაარჩევნოდ მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით და გეგმავს ეს სია, რეაგირებისთვის ანტიკრიზისულ საბჭოს, ასევე ინტერფრაქციულ ჯგუფს გადასცეს, რომელიც სწორედ აჭარის არჩევნების გასაკონტროლებლად შეიქმნა. ლალიაშვილმა აღნიშნავს, რომ ამ სიას დაემატება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მას “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, დილით მიაწოდა, რომლის თანახმად, სემეკ-ის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი აქტიურად არის ჩართული აჭარაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში და ბათუმში სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად აქტიურ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა. რაც, ლალიაშვილის განცხადებით, კანონის უხეში დარღვევაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, კანონს არღვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და პირადად აძლევს მითითებებს, როგორ წარიმართოს წინასაარჩევნო აგიტაცია. ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ეს ფაქტები რეაგირების გარეშე არ დატოვოს. ლალიაშვილის ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, რომ სემეკის თავმჯდომარე არ არის საჯარო მოხელე და შესაბამისად მას წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ ეკრძალება. “ლალიაშვილს ვურჩევთ, მის ხელთ არსებული მასალები ინტერფრაქციულ ჯგუფს მიაწოდოს, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობს და თუკი აღმოჩნდება რომ რაიმე სახის დარღვევებს აქვს ადგილი, ჩვენი რეაგირება ადეკვატური იქნება. გარწმუნებთ, ყველაზე მეტად ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს” - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.