დსთ-დან საქართველოს გასვლა ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს გაფორმდება. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ თანამეგობრობის აღმასრულებელი სამდივნოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნაურიზ აიდაროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დსთ-დან გასვლა ფორმალურად ქვეყნის მიერ განაცხადის გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ ხდება.
აიდაროვმა დსთ-ს სახელმწიფოთა განათლების მინისტრთა მე-15 კონფერენციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების შესრულება დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა თანამეგობრობის დატოვების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტში რუსეთის აგრესიის გამო 18 აგვისტოს შევიდა.
თანამეგობრობის შექმნის დეკლარაცია 1991 წლის დეკებმერს გაფორმდა. საქართველო ოფიციალურად დსთ-ში 1993 წელს გაწევრიანდა.
საქართველოს დსთ-დან გასვლა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანამეგობრობაზე დარტყმა.
ამის თაობაზე დღეს თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგეი ლებედევმა დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, - იუწყება “რია ნოვოსტი”.
ლებედევის თქმით, საქართველოს თანამეგობრობიდან გასვლამ უმრავლესობაში წუხილი გამოიწვია. ამსთანავე, მან აღნიშნა, რომ “საქართველოსთვის ორგანიზაციის კარი ღია რჩება”.
პროცედურულად, საქართველო დსთ-ს ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვებს.
|