ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარს დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ჯარები დაიცავენ.
როგორც სააგენტო “რეგნუმი” იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის ატოევმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ საზღვრის შესაძლო გაკონტროლების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
ატოევის თქმით, რუსეთი ოს მესაზღვრეებს ტექნიკური საშუალებებითა და სპეციალისტებით დაეხმარება.
“ძირითადი ამოცანა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციაა. ამისათვის უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც საზღვრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავლას განსაზღვრავს. მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად საზღვრის დემარკაციაც დაიწყება, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არ მოხდება”, - განაცხადა ატოევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან ტერაქტებია მოსალოდნელი და შესაძლო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“ძირითად გზები გადაკეტილი გვაქვს. ეწყობა მოძრავი პოსტებიც. თუმცა, საქართველოსთან 300 კილომეტრიანი საზღვრის სრულად გადაკეტვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, - განაცხადა ატოევმა.
|