“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საზოგადოებას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ხშირად ისმის განცხადებები, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას და ამიტომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვის დრო არ არის.
“როცა ხელისუფლებამ დაბრუნების ნაცვლად ტერიტორიები დაკარგა და ამის აღსანიშნავად კონცერტები გამართა, როცა გაურკვეველ საცირკო სანახაობებს ატარებს თბილისსა და აჭარაში, არჩევნების სახით, ამის გამო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საერთო ძალისხმევით გააპროტესტოს ხელისუფლების ქმედება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”,-აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, “ხალხის პარტიის” ლიდერი 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.
მისი თქმით, ამ პოლიტიკური სუბიექტების გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, მაგრამ პარლამენტში შესულ ოპოზიციას ოპოზიციონერებად ვერ შეაფასებს, რადგან “ისინი ხელისუფლების იდეების გამტარებლები არიან და ხელისუფლების რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ”.
|