საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში ონლაინრეჟიმში მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე www.police.ge-ზე გახსნილ ფორუმში მონაწილეოა და შეკითხვების დასმა მინისტრთან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
ამ დროისთვის ფორუმზე უკვე უამრავი კითხვაა შესული. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა აგვისტოს მოვლენებამდე საერთაშორისო დამკვირვებლების კონფლიქტის ზონებში შეყვანა მინისტრი პასუხობს:
“სამწუხაროდ, ომამდე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ დაიჯერეს ჩვენი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათი სისტემატური გაფრთხილება ჯავაში, ცხინვალში, ოჩამჩირესა და გუდაუთაში ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობის, დამატებითი ძალების შემოყვანის, კომუნიკაციების აღდგენისა და პროვოკაციების მოწყობის ფონზე, ჩვენი პარტნიორებისთვის საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო შეშფოთებისთვის”,-ასეთია მერაბიშვილის პასუხი.
მინისტრი შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა საომარი მოქმედებების განახლება, პასუხობს, რომ არაფერია გამორიცხული.
შეკითხვა დაისვა ახალგორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მერაბიშვილის პასუხი ასეთია:
“დღეს ახალგორში რუსებმა დამატებითი ძალები შეიყვანეს, ამჟამად იქ არის 15 ტანკი, 40 ჯავშანტრანსპორტიორი და 4 ვერტმფრენი”,-აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
|