გუშინ საღამოს, თბილისის დროით 21.45 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა “თბილისი-ამსტერდამის” რეისი, რომლითაც საქართველოში დიეგო მარადონა მეგობრებთან ერთად ჩამოფრინდა.
დიეგო მარადონა 20 წუთის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდა, რის შემდეგაც მან აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მარადონა და მისი მეგობრები სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაბინავდნენ.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინელი დიეგო არმანდო მარადონა, თავისი “მეგობრების გუნდით”, 25 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე “მეგობრობის თასისთვის” საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
მარადონა საქართველოს დედაქალაქს მეგობრების 16-კაციანი შემადგენლობით ესტუმრა. ესენი არიან: სერხიო გოიკოეჩეა, ფერნანდო კასერესი, ლუის მედერო, დიეგო სონორა, ალეხანდრო მანკუსო, ექტორ ალნეიდა, ალბერტო აკოსტა, ხუან ბორელი, ლეონარდო რუისი, მარსელო გომესი, გაბრიელ ამატო, ალბერტო კარანსა და ხოსე ფლორესი.
|