ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების საგანგებო სხდომა, რომელიც ხვალ ბრიუსელში გაიმართება, რუსეთის აგრესიის და უზურპაციის, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის დაკანონების შედეგებს განიხილავს. ამის შესახებ დღეს მოსახლეობისადმი სპეციალურ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ჩამოშლის, დანგრევის და ტერიტორიათა დიდი ნაწილის მითვისების გეგმა წარმოუდგენლად ჩაფლავდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი დღეს უფრო იზოლირებულია, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ნებისმიერ დროს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო მოვლენების დროს მნიშვნელოვნად შეცვლილია საზოგადოებრივი აზრი მსოფლიოში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.
"რა იქნება ხვალ ბრიუსელში, მე არ ვიცი. მაგრამ ეს არის დიდი პროცესების დასაწყისი. დაიწყო პროცესი საქართველოს საბოლოო გაერთიანების, ნამდვილი ევროპული ინტეგრაციის", - აღნიშნა მან.
სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ევროპა ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს საქართველოს და იტყვის, რომ არასდროს აღიარებს უკანონობას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სახით. "დაიწყება დიდი მოძრაობა საქართველოს მხარდასაჭერად. ჩვენ მოველით ევროპისგან მორალის და ზნეობის მხარდაჭერას", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
|