|
Главная » 2008 » სექტემბერი » 05
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს - შაბათს, 6 სექტემბერს ჩვენი გუნდი გერმანიის ქალაქ მაინცში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ექტორ რაულ კუპერის განკარგულებაში ჯერაც არ არის ექვსი ფეხბურთელი: ყაზანის “რუბინის“ წევრები დავით კვირკველია და ლაშა სალუქვაძე, ნალჩიკის “სპარტაკის” ლეგიონერები დავით სირაძე და გოგიტა გოგუა, მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველი დავით მუჯირი და კიევის “დინამოში” გადასული მალხაზ ასათიანი სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ჩავიდნენ გერმანიაში.
არგენტინელმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები გუშინ ორჯერ ავარჯიშა და კვლავაც ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთა აქცენტი.
ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრესცენტრის ცნობით, ნაკრები მაინცში დღეს ჩავა.
წაკითხულია: 846 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 3.0/1
| კომენტარი (0)
|
აშშ-მ განაცხადა, რომ იგი 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საქართველოს, რათა მოხდეს რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ტერიტორიების აღდგენა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ეს თანხა მოხმარდება დანგრეული სახლების აღდგენასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და რომ ის არ არის განკუთვნილი სამხედრო მიზნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებისგან დასახმარებლად 2 მილიარდი დოლარი მოითხოვა.
წაკითხულია: 767 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, "ერთიანი ქარტია" ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს საქართველოს ძირეულ ინტერესებთან დაკავშირებული პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო გააერთიანებს. "პრინციპები, რომლის გარშემოც პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ, საქართველოს ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, მომავლის გამოწვევებს უკავშირდება. რუსეთმა, ჩვენმა ღია და დაუფარავმა მტერმა ვერ უნდა შექმნას საქართველოში ნიადაგი საკუთარი ინტერესების გასატარებლად - მეხუთე კოლონა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებს გაყიდის და მტრის ნებას გაატარებს" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, ქარტიაში გაერთიანდებიან ყველა ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ამ პრინციპებს დაეთანხმებიან და მზად იქნებიან, სამომავლოდ მათ განუხრელად დასაცავად. "მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გუნდებს შორის ერთიანი დოკუმენტის შემუშავების მიზნით კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მოგვიანებით კი გაირკვევა, როდის და ვის მიერ მოხდება აღნიშნული დოკუმეტის ხელმოწერა. ქარტიის გაფორმების შემდეგ შესაძლებელი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სხვა ფორმატში თანამშრომლობაც, იქნება ეს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული საბჭო, თუ სხვა" - დასძინა ცისკარიშვილმა.
წაკითხულია: 829 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ახალგორის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა წყნეთის 137-ე საჯარო სკოლის შენობიდან გააძევეს. დევნილები ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი და საკითხის გარკვევის მიზნით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაში 30-ზე მეტი ახალგორელი მონაწილეობს. მათი განცხადებით, სკოლის შენობაში 65 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვები. დღეს მათთან მოულოდნელად 137-ე საჯარო სკოლის დირექტორი მივიდა და შენობა დაატოვებინა.
წაკითხულია: 957 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი გამსახურდია დარწმუნებულია, რომ მისი ძმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. "ცოტნე სამშობლოში სწორედ იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეს ნათელი მოჰფინოს და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. მისთვის დეტალები არ მიკითხავს, თუმცა ცოტნეს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და იმისკენ არის მიმართული, რომ ამ საქმეს ნათელი მოჰფინოს", - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას. შეგახსნებეთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟს ცოტნე გამსახურდიას დღეს ჯაშუშობასა და კონსტიტუციური წყობილების დასამხობად შეთქმულების მზადებაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. როგორც "პირველს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე და 315-ე მუხლებით წარედგინა, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულს ითვალისწინებს. გამსახურდიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ განიხილავს. ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამჟამად გამსახურდია ე.წ. მოდულის შენობაში დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
წაკითხულია: 863 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსი ოკუპანტები გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე 3 მეტრის სიმაღლის კედელის აშენებას აპირებენ. ამის შესახებ "პირველს" "აფხაზეთის მედია - ცენტრიდან" აცნობეს. მისი ინფორმაციით, კედლის მშენებლობა ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე იგეგმება და იგი აფხაზეთის დამოუკიდებლობის სიმბოლო იქნება. მშენებლობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ამ ეტაპზე მისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რუს ოკუპანტებს კედლის აგებისთვის საჭირო სამშენებლო მასალა ადგილზე რუსული სამხედრო ტექნიკით გადააქვთ.
წაკითხულია: 891 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მოძრაობა "ნაროდნი სობორი" რუსეთის ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მიმართ რიგი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს. მოძრაობის მიერ ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვაში "ნაროდნი სობორი" ყურადღებას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაზე, უცხოელთა საქმიანობაზე და მათ მიერ საქართველოში გადარიცხული თანხების ოდენობაზე ამახვილებს. "დროა, რუსეთის ხელისუფლებამ დღის წესრიგში დააყენოს რუსეთში ამ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე ასიათასობით ქართველის ცხოვრების საკითხი. ქართველები აქ სამუშაოდ ჩამოდიან და სამშობლოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,2 - 2 მილიარდ დოლარს აგზავნიან, რაც საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ს შეადგენს", - აცხადებენ "სობორის" წევრები. მათივე შეფასებით, რუსეთში მცხოვრები ქართველების ეს ქმედება "სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ფარული მხარდაჭერა". მოძრაობა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადაამოწმოს რუსეთში ქართველების ცხოვრების ლეგალურობა, გამოიძიოს მათი საქმიანობა, შესაძლო კრიმინალური წარსული და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; გადამოწმდეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქართველებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების კანონიერების საკითხი და დაისაჯონ თანამდებობის ის პირები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მათ არაკანონიერ ლეგალიზაციას რუსეთის ფედერაციაში; გადაიხედოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთში არსებული ქართული ორგანიზაციებისა და ბიზნესგაერთიანებების პოზიციები და მოქმედებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მათი არსებობის საკითხი.
წაკითხულია: 818 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სავალუტო ფონდი საქართველოსთვის გამონაკლისს დაუშვებს და, ნაცვლად გათვალისწინებული 250-მილიონიანი კვოტისა, ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას 750 მლნ აშშ დოლარით დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
შარაშიძის განმარტებით, თანხა მზადყოფნის რეჟიმში იქნება და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს.
რაც შეეხება აშშ-ის ფინანსურ დახმარებას, თანხა მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნება. შარაშიძის თქმით, თანხა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე, მათი სახლების აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.
"პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა", - განაცხადა შარაშიძემ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ საქართველოს ევროპის ქვეყნებიც – პოლონეთი, ბალტიისპირეთი, გერმანია, საფრანგეთი და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები.
ეკატერინე შარაშიძის განცხადებით, საქართველო არის ცივილიზებული ქვეყანა და არ იქნება დისკრიმინაციული არც რუსეთის მოქალაქეების და არც საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების მიმართ. "ჩვენ არ ვმოქმედებთ, როგორც რუსეთი", - დასძინა შარაშიძემ.
წაკითხულია: 1361 |
თარიღი: 05.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|