მიხეილ სააკაშვილი – ”დღეს გარეთ მილიონზე მეტი ქართველია”
01:27
"ცოცხალ ჯაჭვში" საქართველოს მასშტაბით დღეს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს, - განაცხადა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. თბილისის საკრებულოს შენობიდან მან თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა. სააკაშვილთან ერთად ტრიბუნასთან გამოჩნდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. "დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს შეგვიძლია ვუთხრათ – საქართველო ერთიანია", - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში არის ხალხის ყველაზე დიდი შეკრება. "ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინა ხაზს", - დასძინა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ ქვეყნის ისტორიაში გაუძლო მრავალ შემოსევას. "ჩვენ გავაჩერეთ თბილისს მომდგარი 21-ე საუკუნის ურდო. საქართველო არ არის მარტო. ჩვენთან ერთად მთელი ცივილიზებული მსოფლიოა", - თქვა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოდან უნდა დაწყებულიყო რუსული იმპერიალიზმის აღდგენა. "მაგრამ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოხდება იმპერიალიზმის იდეის დასამარება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.