ევროკავშირის 27 ქვეყანა ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის რეზოლუციით ადასტურებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ "ძალის არაპროპორციულ გამოყენებად" აფასებს.
სამიტის 10-პუნქტიან რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ღია კონფლიქტთან დაკავშირებით.
"საომარი მოქმედება არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზას და ასეთი ქმედება ევროკავშირისთვის მიუღებელია", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროკავშირი ასევე გმობს რუსეთის ცალმხრივი მოქმედებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.
სამიტის მონაწილეები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებენ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარონ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.
რეზოლუციაში საუბარია მხარეების მიერ "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" შესრულების აუცილებლობაზე და შეიარაღებული ძალების გაყვანაზე კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ზონებში.
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" მეექვსე პუნქტთან დაკავშირებით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები) საერთაშორისო კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობაზე.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით ნიშნავს საგანგებო წარმომადგენელს და 15 სექტემბრამდე რეგიონში ფაქტების დამდგენ მისიას მოავლენს.
ევროკავშირ ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას და შეახსენებს მას, რომ რუსეთმა არ უნდა დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი, გაეროსა და ეუთოს რეზოლუციები.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა გააკეთოს ფუნდამენტური არჩევანი და გააცნობიეროს, რომ ევროპისგან იზოლაცია რუსეთის ინტერესებს არ შეესატყვისება.
ევროკავშირი მიიჩნევს, 14 ნოემბერამდე ნიცაში გასამართ ევროკავშირი-რუსეთის სამიტამდე მოსკოვმა უნდა შეასრულოს "ექვსპუნქტიანი შეთანხმების" ყველა პუნქტი და აცხადებს, რომ ევროკავშირი-რუსეთის შემდგომი ურთიერთობის განხილვა, სწორედ რუსეთის ქმედებებს დაეფუძნება.
|