"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით და იმ ერთიანობით, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა, სადაც "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია მშვიდობიანი მიტინგში გადაიზარდა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს, მთელი საქართველო ერთ ჯაჭვად შეიკრა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მისი თქმით, "ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება დამპყრობელს" და "საქართველო არასდროს დაკეცავს ხუთჯვრიან დროშას".
"არცერთ ქვეყანაში, არასდროს, ამდენი ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. დღეს ჩვენ ვამაგრებთ თავისუფლების წინა ხაზზს. ქართველებმა შეკრეს ერთიანი მძლავრი ჯაჭვი. აქ შეიკრა ურღვევი ჯაჭვის პერანგი საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
საქართველომ გაუძლო ყველაზე სასტიკი დამპყრობლების შემოსევებს და დღეს, როცა საქართველოს 21-ე საუკუნის ურდო მოადგა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|