სამშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთი მშვიდად უყურებს ნატოს ხომალდების რაოდენობის ზრდას შავი ზღვაში, მაგრამ პირობა დადო, რომ ამაზე რუსეთის მხრიდან ”პასუხი აუცილებლად იქნება”.
რუსეთი მუდმივად აპროტესტებდა, რომ ნატოს ”მეტისმეტად ბევრი გემი ჰყავს შავ ზღვაში”. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ნესტერენკოს თქმით, ამჟამად იქ ორი ამერიკული, ერთი პოლონური, ერთი ესპანური და ერთიც გერმანული ხომალდი იმყოფება.
რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-მ შეძლო საქართველოში იარაღის შეტანა ჰუმანიტარული ტვირთის საფარველს ქვეშ.
- ”ჩვენ არ გვესმის, რას აკეთებენ ამერიკული გემები საქართველოს ნაპირებთან. მეორე საკითხია, თუ რატომ შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო ხომალდებით, რომლებიც უახლესი სარაკეტო სისტემებითა არიან აღჭურვილნი”.
უზბეკეთში ვიზიტის დროს პუტინმა თქვა, რომ ნატოს გემებზე რეაქცია იქნება ”მშვიდი, ყოველგვარ ისტერიას მოკლებული, მაგრამ რა თქმა უნდა, იქნება პასუხი.” როცა პუტინს ჰკითხეს, კონკრეტულად რუსეთი რა ზომებს მიიღებს, პუტინმა უპასუხა: ”ნახავთ”.
რუსული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკრიტიკებენ ევროპელების მუქარას, რომ საქართველოში წარმოებული ომის გამო პარტნიორულ ურთიერთობებზე შეთანხმება გაიყინება. მაგრამ რუსეთის წარმომადგენელი ევროკავშირში აცხადებს, რომ მას არ გაჰკვირვებია, როცა ბლოკმა უარი თქვა რუსეთისთვის რაიმე სახის სანქციების დაწესებაზე.
- ”ჩვენ მეტისმეტად ურთიერთდამოკიდებულნი ვართ ერთმანეთზე” - განაცხადა ვლადიმერ ჩიჟოვმა მოსკოვში ჟურნალისტებთან შეხვედრისას - რუსეთი და ევროკავშირი ახლო პარტნიორები არიან”.
ევროკავშირმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებს, მაშინ გადაიდება მოლაპარაკებები ფართომასშტაბიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეთანხმებებზე.
ბრიტანეთმა და აღმოსავლეთევროპულმა სახელმწიფოებმა უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავეს, მაგრამ ევროპის დამოკიდებულებამ რუსეთის ნავთობსა და გაზზე მკაცრი სანქციებისდაწესებას ხელი შეუშალა.
- ”ევროკავშირთან თანამშრომლობა საქართველოს კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს”, - აცხადებს ნესტერენკო.
ის ასევე აპროტესტებს ქართული შეიარაღებული ძალების აღდგენას და ქართულ სპეცსამსახურებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ორგანიზებაში სდებს ბრალს. ”მიმდინარეობს აქტიური მცდელობა ქართული ჯარის ქმედუნარიანობის აღდგენის”, - განაცხადა მან, ”გუშინ იყო ხალხმრავლობა და პროვოკაციები რუსი სამხედროების სიახლოვეს არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული”.
”რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავეთანხმებით სამიტის საბოლოო დეკლარაციაში მთელ რიგ არასწორ ჩანაწერებს რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის იმის მტკიცებას, რომ საქართველოს აგრესიაზე ჩვენი რეაქცია იყო დისპროპორციული,” - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთი ფორმულირებები უმცირესობაშია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ აჩვენა პასუხისმგებლური მიდგომა და დაადასტურა განზრახვა, გააგრძელოს რუსეთთან თანამშრომლობა”, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
მოსკოვი დღემდე ამტკიცებს, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმება უფლებას აძლევს განალაგოს საგუშაგოები უსაფრთხოების ზონაში 4 მილის პერიმეტრზე.