ხმამაღალი შელაპარაკება დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მაშინ დაიწყო, როცა სააქცო საზოგადოება “მადნეულმა” კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირების ჰუმანიტარული დახმარება მიუტანა.
400-მდე გასაშლელი საწოლი კონტეინერიდან სასტუმრო “აფხაზეთთან” გადმოიტვირთვა. ფაქტს, როგორც მეტად მნიშვნელოვანს, მედიის თითქმის ყველა საშუალება აშუქებდა.
კონტეინერი სანახევროდ დაცლილი იყო, როდესაც ჟურნალისტებმა სასტუმროს წინ შეკრებილი ადამიანები შეამჩნიეს. ხანშიშესული ქალბატონები აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს, თენგიზ ბენდელიანს ეჩხუბებოდნენ, რომელიც ყვიროდა, ჩვენ, ქალბატონო, აფხაზეთიდან დევნილები ვართ, ეს გასაშლელი საწოლები კი ჩვენი დევნილებისთვის გვინდაო.
- ”ნეტავ, ჩვენ ვისი დევნილები ვართ”?! - იყვირა თვალზე ცრემლომდგარმა ქალბატონმა, თუმცა კითხვაზე პასუხი არ მიუღია.
“უპატრონო” დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებსა შორის კამათი მაშინვე შეწყდაროგორც კი სიტაუციაში გარკვევა გადავწყვიტეთ.
პირველი, ვისთანაც გასაუბრება ვცადეთ, ეს ორი შვილის ახალგაზრდა დედა იყო. ის კამათის დროს ჩუმად ტიროდა.
სოფიკომ (ძერწვისიდან), საკუთარი გვარის გამხელისგან თავი შეიკავა, მაგრამ ჩემთან საუბარზე უარი არ უთქვამს... მაშინვე ორივე შვილს ხელი მოკიდა, ჩემს წინ გამწარებულმა დაყარა (დიახ, “დაყარა”) და ნამტირალევმა მიყვირა: “გეკითხები, როდემდე ვაჭამო პამიდორი, ვეღარ ჭამენ, ცოდოები არ არიან? დანახვა აღარ უნდათ ამ უბედურებს პომიდვრის... ხუთი დღეა არაფერი გვიჭამია...” - ბავშვები უმწეო თვალებით მიყურებდნენ, მივხვდი რომ ასეთივე უმწეო თვალებით ვიყურებდი მეც. ”გადაიღე, რატომ არ იღებთ?!” - მესმოდა ყველა მხრიდან.
გვერდით ორსული გოგონა შევამჩნიე. თინიკო ჭოველიძე ნერვეულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.
თინიკო, მართლა ასეთი რთული პირობებია? - საშინელი სიტუაციაა, პატრონი არ გვყავს. მე რვა თვის ფეხმძიმე ვარ, ძალიან დავიღალე, ფიცარზე ვწევარ უკვე რამდენი დღეა...
ატირებულ გოგონასთან საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელი და იქვე ხანშიშესულ ქალბატონებთან გადავინაცვლე.
ეთერ რომელაშვილი, აჩაბეთიდან დევნილი: “სად არ ვიყავით, ვინ არ შევაწუხეთ, მაგრამ - უშედეგოდ. ყველგან ერთსა და იმავეს გვეუბნებიან - მიმართეთ გაეროსო. იქაც დავრეკეთ და ულუფის გაზრდა მოვითხოვეთ. გვითხრეს ეგ სტანდარტია და ამას დასჯერდითო. 200 გრამი შაქარი, გეკითხებით, მიხეილ სააკაშვილს ყოფნის ოჯახში?”
არ ვიცი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს 200 გრამი შაქარი ეყოფა თუ არა, მაგრამ რატომღაც ცხონებული ნანული შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამი გამახსენდა, კარგმა დიასახლისმა 8 ლარიანი პენსია კი უნდა იმყოფინოსო.
ნათელა, 61 წლის: “18 წელი შევინახეთ ხეობა, ვიბრძოდით ქალი, კაცი, ბავშვი... როგორც შეგვეძლო. რა უნდოდათ? ეს რა გაგვიკეთეს?! არ უნდა წამოვსულიავით, არა! ერთ დღეში და ორ დღეში ხომ არ გამოვსულვართ არა?! ვიცოდით, რომ სახელმწიფოს უჭირდა. გავიგეთ, ბატონო, მაგრამ ერთი თვეა ლამის ასეთ დღეში ვართ. რა ვქნათ გეკითხებით...”
სასტუმრო ”აფხაზეთთან” შეკრებილი ადამიანების რაოდენობა რამდენმე წუთში გაიზარდა. შემოგვიერთდნენ მე-10 პოლიკლინიკასა და 64-ე საშუალო სკოლაში კომპაქტურად ჩასახლებული სამაჩაბლოდან დევნილები. ატყდა პანიკა, ქაოსი, ტირილი... კონტეინერიდან გასაშლელ ლოგინებს მალხაზ აქიშბაიას მთავრობის წევრები გამალებით ეზიდებოდნენ შენობაში.
ოპერატორები მონდომებით აფიქსირებდნენ ესოდენ მნიშველოვან, უფრო მეტიც - ისტორიულ კადრებს... ლოგინი გაშლილი, ლოგინი დაკეცილი, ნახევრად გაშლილი, მანქანაზე, მანქანიდან, ლოგინი მალხაზ აქიშბაისთან ერთად, ლოგინზე და ა.შ. თუმცა დევნილების ტირილი დღეს არავის გაუგია. არადა, რამხელა ხმაზე ტიროდნენ...
|