ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით რუსეთისთვის 2009 წელს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამოყოფილი 60,5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების ”გაყინვის” წინადადებით გამოდის.
ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა, გერმანელი ”კონსერვატორების” წარმომადგენელმა რაიმერ ბოგემ განაცხადა. ”ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი”, - განაცხადა ბოგემ, რომლის პოზიციას ბელგიური საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იანუშ ლევანდოვსკის განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფის მის მიერ ”სარკოზი-მედვედევის” გეგმის შესრულებასთან დაკავშირება განიხილება.
მისივე თქმით, ”ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წელს რუსეთისთვის ევროკავშირის ფონდიდან 21 მლნ ევროს გამოყოფა ამ თანხის არამიზნობრივი გამოყენების საშიშროების გამო დაბლოკა”.
აღნიშნული წინადადება კომიტეტს ოქტომბერში წარედგინება, თუმცა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებამ კანონიერი ძალა მიიღოს, საჭიროა, მას მხარი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ დაუჭიროს.
|