ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამნაღმველებმა ორი 500-კილოგრამიანი ბომბი გააუვნებელყვეს.
ქართულ-რუსული ომის პერიოდში რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ჩამოგდებული აუფეთქებელი ბომბების გაუვნებელყოფა ვაზიანის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გრძელდება.
გამნაღმველებთან ერთად ადგილზე რადიოლოგებიც მუშაობენ, რომლებიც ტერიტორიაზე რადიაქციულ მდგომარეობას ეცნობიან.
როგორც გაირკვა, ვაზიანში რუსული დაბომბვების სამიზნეს არა სამხედრო აეროდრომი, არამედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმოადგენდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ დროისათვის ვაზიანში განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობენ.
მათი განმარტებით, ჭურვები ძირითადად სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზეა ჩამოგდებული – იქ, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ერთ-ერთი მილი გადის, თავად სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე კი მხოლოდ ერთი ჭურვია აღმოჩენილი.
ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებული სამუშაოების მიმდინარეობისას სპეციალურმა ჯგუფმა უკვე 10 ბომბი გააუვნებელყო. ვაზიანის ტერიტორიაზე როგორც 500 კგ-იანი, 1 ტონიანი და ტონანახევრიანი ბომბებია აღმოჩენილი.
სპეციალისტების ვარაუდით, განაღმვითი სამუშაოები ვაზიანში კიდევ რამდენიმე კვირას გასტანს