Главная » 2008»სექტემბერი»3 » გიორგი ნოდია ხვალ ზუგდიდის რაიონში დაზიანებულ სასწავლო დაწესებულებებს მოინახულებს
გიორგი ნოდია ხვალ ზუგდიდის რაიონში დაზიანებულ სასწავლო დაწესებულებებს მოინახულებს
20:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია ხვალ ზუგდიდის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ სასწავლო დაწესებულებებს მოინახულებს და მათი რეაბილიტაციის გეგმას განიხილავს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ზუგდიდის №13 და №8 საჯარო სკოლებს ეწვევა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნოდია ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგიონალური რესურსცენტრების ხელმძღვანელებს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდება. როგორც ცნობილია, რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლმა ჭურვმა მნიშვნელოვნად დააზიანა სოფელ ჭითაწყლის საჯარო სკოლა. ოკუპანტები დაბანაკებულები იყვნენ ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში, რის შედეგადაც კოლეჯის შიდა ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონში სასწავლო წელი გეგმიურად, 15 სექტემბერს დაიწყება.