Главная » 2008»სექტემბერი»3 » დავით ბაქრაძე: "დეოკუპაცია მანამ გაგრძელდება, სანამ რუსი ოკუპანტები ცხინვალს და სოხუმს არ დატოვებენ"
დავით ბაქრაძე: "დეოკუპაცია მანამ გაგრძელდება, სანამ რუსი ოკუპანტები ცხინვალს და სოხუმს არ დატოვებენ"
20:03
საქართველოში საომარი მდგომარეობის გაუქმება ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის შესუსტებას არ ნიშნავს. ეს განცხადება პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება საკმაოდ ვრცლად განმარტა და საომარი მდგომარეობის ვადამდე შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. "საომარი მდგომარეობის ვადამდე შეწყვეტა დეოკუპაციის შეჩერებას ნამდვილად არ ნიშნავს. დეოკუპაციის მიზნით ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ოკუპანტები არ დატოვებენ ცხინვალს და სოხუმს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პარლამენტს უკვე მიღებული აქვს დადგენილება, რომლის თანახმად ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები გამოცხადებულია ოკუპირებულად და ამ ტერიტორიებს მინიჭებული აქვთ ოკუპირებულის სტატუსი, ასევე პარლამენტი მუშაობს ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში კანონზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რაც ამ ტერიტორიების სტატუსს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საომარი მდგომარეობის გაუქმება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის თქმით, "რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლაა და ხელისუფლება რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში არ უნდა დაეხმაროს". როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, საომარი მდგომარეობა, რომელიც თავისთავად ფორს-მაჟორულ სიტუაციას ნიშნავს, აფერხებს გარკვეული ეკონომიკური პროცესების განხორცილებას, ტვირთების გადაზიდვებს, ასევე პრობლემები ექმნებათ სადაზღვევო კომპანიებს. "ყველამ უნდა დაინახოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლოკალური ტერიტორიები ოკუპირებულია, ამ ტერიტორიების გარეთ ქვეყანა მაინც აქტიურობას განაგრძობს" - დასძინა ბაქრაძემ.