პარასკები, 19.04.2024, 14:36
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » კვიციანი კოდორშია, სამართალდამცველები - ჭურში
კვიციანი კოდორშია, სამართალდამცველები - ჭურში
01:09
გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაშია. ამის შესახებ ზემო აფხაზეთში დაბრუნებულმა დევნილებმა თბილისში ახლობლებს შეატყობინეს. საქართველოს ხელისუფლება კი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

დაბრუნდებიან თუ დევნილები კოდორში
- “კოდორში ამ დღეებში ჩვენი ახლობლები დაბრუნდნენ. მათ გამო ძალიან ვღელავდით, არ ვიცოდით, როგორ იქნებოდნენ. გვეშინოდა, აფხაზებს არაფერი დაეშავებინათ. მაგრამ ახლა დაგვირეკეს და გვითხეს, რომ საშიში არაფერია. ხეობაში ემზარ კვიციანი დაბრუნდა და აფხაზი მოროდიორები ვერაფერს დაგვაკლებენო. ვკითხეთ, ეგებ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რა იცით, რომ კვიციანი ხეობაშია? გვითხრეს, რას ამბობთ, აქ ემზარი ხალხმა საკუთარი თვალით ნახაო. თანაც სიმშვიდის საფუძველს ის აძლევთ, რომ თავად აფხაზებსაც არ უნდა სვანებთან დაპირისპირება. კვიციანის გამო კი შეიძლება ხეობაში ახლა ბევრი დევნილი დაბრუნდეს”, - განაცხადა Presa.ge-სთან საუბრისას 42 წლის თბილისელმა. მან ვინაობის გამოაშკარავება არ ისურვა, რადგან ხეობაში ახლობლები ჰყავს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

საგულისხმოა, რომ კოდორის ხეობაში აფხაზებმა და რუსებმა ადგილობრივი “ადმინისტრაციის” ხელმძღვანელად ზაზა გურჩიანი დანიშნეს. გურჩიანი ემზარ კვიციანის მეგობარია და ცნობილი მოვლენების შემდეგ ხეობიდან მასთან ერთად გაიქცა. როგორ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია ირწმუნება, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გურჩიანი კოდორის ხეობაში სიმშვიდის დასამყარებლად დანიშნა, რათა ადგილობრივებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და დევნილები დაბრუნდნენ.

- “აფხაზებმა რუსი ოკუპანტების საქართველოში შემოჭრით ისარგებლეს და კოდორის ხეობაში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მათ კოდორის ხეობაში არსებული თავისუფალი ტერიტორიების მთლიანად ათვისება აქვთ განზრახული. ამ ეტაპზე კი იქ სახელმწიფო სტრუქტურების განადგურება მიმდინარეობს”, - განაცხადა აქიშბაიამ.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის კოდორის ხეობა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, ფაქტობრივად, დაცლილია. მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან, ხეობა ასევე არ დაუტოვებიათ მამათა და დედათა მონასტრების წარმომადგენლებსაც.

უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რა მოხდება, თუკი ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იქნება. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში დევნილებმა მართლაც დაიწყონ დაბრუნებაზე ფიქრი.

თუმცა, ხეობიდან წამოსული მოსახლეობა ამ თემაზე ღიად საუბარს ჯერჯერობით ერიდება. მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ზემო აფხაზეთზე კონტროლს კვლავ აღადგენს და ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებასაც უზრუნველყოფს.

თემურ მჟავია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: “ემზარ კვიციანის თაობაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. თუმცა, ალბათ, ხელს არავინ შეუშლის, რომ ხეობაში ჩავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ უკვე იქ იყოს. ხეობის მკვიდრნი, რომლებიც ახლა დევნილები არიან, არა მგონია, მის გამო დაბრუნდნენ.

გარკვეული მოძრაობა არის, თუმცა ამ ეტაპზე დაბრუნების მსურველთა რიცხვი ძალიან მცირეა. იქ მოსახლეობის მცირე ნაწილია დარჩენილი და შესაძლოა, დაბრუნებაზე მხოლოდ ასაკოვანმა ადამიანებმა იფიქრონ. სანამ ვითარება სრულად არ გამოიკვეთება, ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს. აფხაზები დევნილებს უკან რომ ეპატიჟებიან, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ახლა ამ ხალხის დარბევა აფხაზების გამოკვეთილ ინტერესს არ წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში მასშტაბურ მოროდიორობას ადგილი არა აქვს”.

ვინ გაათამაშებს კვიციანის კარტს
აფხაზები და რუსები მართლაც ცდილობენ, ხეობაში დევნილები რაც შეიძლება დროულად დააბრუნონ. ამისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ისეთი ქართველის დანიშვნაა, რომელიც მათ მიერ კონტროლირდება. სწორედ ამ მიზნით შეირჩა “ადმინისტრაციის” ხელმძღვანელად კვიციანის გარემოცვის წევრი. ამიტომ არ არის გამორიცხული, აფხაზებმა კვიციანის კარტი უფრო აქტიურად გაათამაშონ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემზარ კვიციანის კოდორში გამოჩენის ფაქტს ოფიციალური სტრუქტურები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “პრესა.გე” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს დაუკავშირდა. შოთა ხიზანიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სამინისტროს კვიციანის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია.

შოთა ხიზანიშვილი: “ემზარ კვიციანის ზემო აფხაზეთში ყოფნის ფაქტს ამ ეტაპზე ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კვიციანის დისშვილი, ბაჩო არღვლიანი ნამდვილად ხეობაშია. თუმცა, კონკრეტულად რა ადგილას არის, არ ვიცით, თუმცა მისი კოდორში ყოფნის ფაქტი დადასტურებულია. ემზარ კვიციანზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით”.  

ემზარ კვიციანის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კოდორის მოვლენების შემდეგ კვიციანი რუსეთში გაიქცა. თუმცა, გავრცელებული ინფორაციით, ბოლო დროს ის სოხუმში იყო და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთში დაწყებული მოვლენების დროს კვიციანი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სწორედ ამიტომ თბილისში არ გამორიცხავენ, რომ აფხაზების მიერ ხეობის დაკავების შემდეგ კვიციანი კოდორში თავისუფლად გადასულიყო. თუკი გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება და კვიციანი კვლავაც ხეობაში დაბანაკდება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ მან სრულად აღიდგინოს ძველი გავლენა. თუმცა, ალბათ, ისიც საფიქრებელია, რამდენად მისცემენ აფხაზები სრულ კარტ-ბლანშს.

“მოღალატე კვიციანს მაინც დავიჭერთ”
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლის დასაბრუნებლად კვიციანის ფაქტორის გამოყენებას არ ეცდება და მასთან არანაირი სახის ურთიერთობას არ დაამყარებს. 

გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: “სად არის ახლა ემზარ კვიციანი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ან კი რა მნიშვნელობა აქვს, სად არის. კვიციანი მოღალატეა, რომელიც რუსეთის მფარველობის ქვეშ არის. რა გასაკვირია, რომ კაცი, რომელიც აფხაზებთან თანამშრომლობს, ახლა ხეობაში შეეთრიათ. მოღალატე კვიციანს რასაც ისინი ეტყვიან, ისე მოიქცევა. ამიტომ, არა მგონია, ვინმეს კვიციანის ხეობაში ყოფნა გაუკვირდეს. თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ გაგვაჩნია. 

საუბარი დაიწყო იმაზე, რომ შესაძლოა, ხეობაში კვიციანის გამოჩენის შემდეგ იქ დევნილები დაბრუნდნენ...
- კვიციანის მოწოდების გამო იქ არავინ დაბრუნდება. ყველამ იცის, რომ ის მოღალატეა და სამშობლოს მოღალატეს კი არა მგონია, რომ სვანები ენდონ. კვიციანი დევნილებს ვერავითარ უსაფრთხოებას ვერ შეპირდება. ჯერ ერთი კვიციანის დროს ხეობის მოსახლეობა ძალიან რთულ დღეში იყო და ხალხმა მისი წასვლის შემდეგ ამოისუნთქა. ასე რომ, ახლა მისი შეთავაზებული უსაფრთხოება რაც იქნება, ყველამ კარგად იცის. თანაც თუკი კვიციანი იქ იქნება, არ ნიშნავს, რომ ხეობას აფხაზები არ გააკონტროლებენ. დევნილებს ვერავინ მოატყუებს.

მათი იქ დაბრუნება ნიშნავს, რომ მონებად უნდა ჩავიდნენ. ამას არავინ შეეგუება. საქართველოს ხელისუფლება ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიბრუნებს ხეობაზე კონტროლს, ხოლო ემზარ კვიციანს, როგორც სამშობლოს მოღალატეს დავიჭერთ და ყველაფრისთვის პასუხს კანონის ძალით ვაგებინებთ.

თუკი კვიციანი რეალურად დაიბრუნებს ხეობაზე გავლენას, საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტორის გამოყენებას არ შეეცდება?
- არავითარ შემთხვევაში. ჩვენ მოღალატეებთან საერთო არაფერი გვაქვს და მით უფრო კვიციანთან არავითარ კონტაქტს არ ვაპირებთ. სახელმწიფო დამნაშავესთან რაიმე სახის კონტაქტი გამორიცხულია.

პატიმარი დის ფაქტორი
თუკი კვიციანი ხეობაში მართლაც არის და პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოსთხოვოს საკუთარი დის გათავისუფლება.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ ამა წლის 26 ივნისს, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ემზარ კვიციანის განცხადება, სადაც ის საქართველოს სამართალდამცავებს ჩაბარებას ჰპირდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მის დას, ნორა კვიციანს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განაცხადა: ”ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში, რომ ვიღაცა ვიღაცეებზე გავცვალოთ”, - აღნიშნა თარგამაძემ.

არ არის გამორიცხული, რომ კვიციანმა დის გათავისუფლებისთვის ბრძოლა ხეობიდან კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს. მით უფრო, რომ ნორა კვიციანის ვაჟი ბაჩო არღვლიანი დადასტურებული ინფორმაციით უკვე კოდორშია. ასე რომ, რა სიურპრიზებს შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლებას სამშობლოს ღალატის ბრალდებით ძებნილი კვიციანი, მალე გამოჩნდება.

Просмотров: 801 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz