13 ნოემბერს რომში საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები დიმიტრი მედვედევი და მიხეილ სააკაშვილიც არიან მიწვეული.
ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა.
”1 სექტემბერს ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს საკმაოდ მკაცრი, მაგრამ დაბალანსებული პასუხი გავეცით. ახლა მთავარი 6-პუნქტიანი გეგმის ზედმიწევნით შესრულებაა. ნოემბრამდე დარჩენილ დროში სწორედ ამ პროცესს გავუწევთ მონიტორინგს, რათა შემდგომი ნაბიჯები განვსაზღვროთ” – აღნიშნა ფრატინიმ.
რაც შეეხება ნოემბრისთვის დაგეგმილ კონფერენციას, მისი განმარტებით, ფორუმის ორგანიზატორებს სურთ, “ყველა მხარეს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და ღია დისკუსიის გამართვის საშუალება მისცენ კონფლიქტის დასარეგულირებლად შემდგომი მოქმედების გეგმის განსასაზღვრად~.
“ნოემბერში კონფერენციის მონაწილეები სამომავლო მოქმედებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებასაც განიხილავენ” – დასძინა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იტალიის სახელით ფრატინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.
|