საქართველოს ევროპის საპარლამენტო ფორუმის დელეგაცია ეწვევა
11:09
იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გადაუდებელი რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისის განხორციელების მიზნით საქართველოში ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) დელეგაცია ჩამოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPFPD) გენერალური მდივანი ნეილ დატა პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს დაუკავშირდა. ნეილ დატამ წერეთელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევების საბოლოო შედეგები გააცნო, რომელთა თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის გადაუდებელი რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისის განხორციელებისთვის 600 ათასი აშშ დოლარის გამოყოფაა საჭირო. EPFPD-ის გენერალური მდივანი დევნილ მოსახლეობას შორის არსებული გადაუდებელი რეპროდუქციული ჯანდაცვის პრობლემების შესახებ ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას აწვდის EPF-ის წვერებს და მიმართავს თხოვნით, რეპროდუქციული ჯანდაცვის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და აღნიშნული თანხის მოძიებაში თანადგომა გაუწიონ. EPF-ის დელეგაცია საქართველოში 18-21 სექტემბერს ჩამოვა. იგი ჩაატარებს ფაქტებზე დამყარებულ კვლევებს, რათა შეაფასოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ევროპელი დონორების მიერ გაწეული დახმარების შედეგები რეპროდუქციული ჯანდაცვის თვალსაზრისით და განიხილოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის სამომავლო პერსპექტივები. თავად ორგანიზაცია მოუწოდებს EPF-ის წევრი დონორი ქვეყნების პარლამენტარებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ მისიაში.