თბილისში აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჩამოვიდა. დიკ ჩეინის სამუშაო ვიზიტი საქართველოში ერთ დღეს გასტანს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა გაიმართება . პირისპირ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი და ჩეინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. ოფიციალური ინფორმაციით აშშ-ს მაღალი რანგის სტუმარი თბილისს შექმნილ სიტუაციაში მხარდაჭერის დასაფიქსირებლად ეწვია.
დიკ ჩეინი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი აზერბაიჯანს გუშინ ესტუმრა, სადაც შეხვედრა გამართა ილჰამ ალიევთან. მოგვიანებით ჩეინი კიევს ესტუმრება და ვიქტორ იუშენკოს შეხვდება.
ვიზიტის ოფიციალური მიზეზებია აშშ-ს მხარდაჭერის დაფიქსირება და ენერგო დერეფნის შექმნა, სადაც აქტიური როლი აზერბაიჯანმა უნდა ითამაშოს.
ალიევთან საუბრის შემდეგ დიკ ჩეინმა განაცხადა, რომ ”პრეზიდენტმა ბუშმა აქ გამომგზავნა ნათელი და მარტივი გზავნილით მთელი რეგიონის ხალხისათვის -აშშ ღრმად და მყარად არის დაინტერესებული თქვენი კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით. აშშ ენერგეტიკულ დერეფნის გაზრდას უჭერს მხარს. ენერგეტიკული უსაფრთხოება აუცილებელია და ეს საკითხი სულ უფრო აქტიური ხდება.”
თეთრი სახლში დიკ ჩეინის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადეს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშშ უფრო დარწმუნდა, რომ აუცილებელია ალტერნატიული ენერგო დერეფნის შექმნა, ამ დერეფნის შექმნისას კი მთავრი როლი აზერბაიჯანს უკავია. ასე რომ აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა - აშშ-სათვის მნიშვნელოვანია ევროპის ენერგო დერეფნის არსებობა.
ექსპერტები ელოდებიან რომ დიკ ჩეინი საქართველოში ვიზიტისას საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს.
დიკ ჩეინის საქართველოში ვიზიტის წინ კი განცხადება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აშშ ამზადებს ეკონომიკური დახმარების პაკეტს საქართველოსთვის. პირველ ეტაპზე დახმარება დაახლოებით მილიადი დოლარი იქნება. აღნიშნული თანხა ჰუმანიარულ საჭიროებებსა და აღდგენით სამუშაოებს უნდა მოხმარდეს. რაისის თქმით , აშშ დახმარების ”მეორე ფაზაში ” საქართველოსთვის 450 მილიონ დოლარს გამოყოფს.
კონდოლიზა რაისმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშვიდობო გეგმის შესრულება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ეუთომ გაგზავნოს საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები. ხოლო ნატოს მოუწოდა, დააჩქაროს ნატო-საქართველოს კომისიის ამოქმედება. ”ამ მომენტისათვის ნათელია, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის მიზანს-ქართულმა დემოკრატიამ განუსაზღვრელი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო, ხოლო რუსეთის სამწუხარო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ საერთაშორისო განხილვის საგანი გახდა და ის მთელმა მსოფლიომ დაგმო,”-განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეინიმ მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის მილიარდი დოლარის გამოყოფას.